ფეხბურთი

14:43 | 2.12.2023 | ნანახია [] - ჯერ

დე ლაურენტისი: "კვარაცხელიას 4-წლიანი კონტრაქტი აქვს, რა შუაშია განახლებაზე საუბარი?"

„ნაპოლის“ პრეზიდენტმა აურელიო დე ლაურენტისმა მოულოდნელი განცხადება გააკეთა და თქვა, რომ ვიქტორ ოსიმენთან კონტრაქტის განახლება ხელმოწერის ფაზაშია.

მან ასევე გააკეთა კომენტარი ხვიჩა კვარაცხელიასთან კონტრაქტის განახლებაზე, რაც ამჯერადაც უარყო...

„ოსიმენის კონტრაქტზე, რომელიც ზაფხულში დაპაუზდა, ხელის მოწერის ეტაპზე ვართ. კვარას კონტრაქტის განახლება? კი, მაგრამ რა შუაშია? მას ჯერ კიდევ ოთხწლიანი კონტრაქტი აქვს. ზოგადად, ქალაქში ძალიან ბევრი ნეგატივია, ყოველთვის ტირიხართ მიცვალებულს, რომელიც არ არსებობს (იღიმის. დე ლაურენტისმა ბოლო ფრაზით დაამშვიდა "ნაპოლის" ფანები, რომლებიც ფიქრობენ, რომ კვარაცხელია "ნაპოლის" ზაფხულში დატოვებს - რედ).

„ინტერთან“ თამაშს დიდი სითამამე სჭირდება, რადგან მარცხენა მცველი არ გვყავს, ორივე ტრავმირებულია. გარდა ამისა, გვყავს მწვრთნელი, რომელსაც დიდი პასუხისმგებლობა დავაკისრეთ, რადგან მას თავიდანვე მოუწია „ატალანტასა“ და „რეალთან“ თამაში. „სანტიაგო ბერნაბეუზე“ რამდენიმე წუთი დაგვაკლდა. ახლა კიდევ გვაქვს სათამაშო „ინტერსა“ და „იუვენტუსთან“. ორი დღე საკმარისია მარცხენა მცველის გარეშე „ინტერთან“ თამაშისთვის და 5 დღე „იუვენტუსთან“ მოსამზადებლად? ცოტა რთულად მეჩვენება. ყველა პრობლემაზე ობიექტურად უნდა ვისაუბროთ“, - თქვა დე ლაურენტისმა.

შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლისთან“ კონტრაქტი 2027 წლამდე აკავშირებს, მაგრამ მისი ხელფასი სეზონში მხოლოდ 1.2 მილიონი ევროა, რითაც გუნდში ერთ-ერთი ყველაზე დაბალანაზღაურებადი ფეხბურთელია.

0.111869