რაგბი

0:40 | 2.12.2023 | ნანახია [] - ჯერ

სამი მსაჯით ჩემპიონთა და ჩელენჯ თასებზე

ევროპის პროფესიული საკლუბო რაგბის (EPCR) ახალი, 2023/2024 წლების სეზონი ისტორიულია ქართული რაგბისთვის.

9 დეკემბერს ქართული ფრენჩაიზი ‘შავი ლომი’ ჩელენჯ თასზე სადებიუტო შეხვედრას გამართავს; EPCR-ის სადისციპლინო პანელზეა მირიან თავზარაშვილი; ახლახანს კი ცნობილი გახდა, რომ ჩელენჯ თასისა და ჩემპიონთა თასის პირველი ორი ტურის შეხვედრებს ქართული სამსაჯო ბრიგადა განსჯის.

ნიკა ამაშუკელი, საბა აბულაშვილი და შოთა თევზაძე 9 დეკემბერს ჩელენჯ თასის პირველ ტურში ფრანგული ‘კასტრისა’ და უელსის ‘სკარლეტსის’ შეხვედრას იმსაჯებენ. შეგახსენებთ, ეს გუნდები მესამე ჯგუფში ‘შავ ლომთან’ ერთად არიან და ქართულ ფრენჩაიზს ორივე მათგანთან სტუმრად მოუწევს თამაში.

ქართულ სამსაჯო ბრიგადას ჩელენჯ თასის ჯგუფურ ეტაპზე აქამდეც უმუშავია, თუმცა არა ასეთი დატვირთვის მქონე მატჩში. მეორე ტურში, 17 დეკემბერს, ქართულ სამეულს დებიუტი ჩემპიონთა თასზე ექნება. პარიზში, ფრანგულ-ინგლისურ დაპირისპირებაში ‘სტად ფრანსე’ ‘ლესთერ თაიგერსს’ შეხვდება.

„მსოფლიო თასის შემდეგ, რომელმაც დიდი ენერგია წაიღო, თუმცა სასიამოვნო მოგონებები დამიტოვა, ელიტურ რაგბში ვბრუნდები. სასიამოვნო ჟესტია, რომ დეკემბრის თამაშებზე ბავშვობის მეგობრებთან – საბასთან და შოთასთან ერთად წარვსდგები. განსაკუთრებული მოლოდინი გვაქვს ფრანგულ-ინგლისური დაპირისპირებიდან, რომელიც ყოველთვის გამორჩეულია ემოციურად“.

„ასევე სასიამოვნოა, რომ ქართული სამსაჯო სკოლის მიმართ ნდობა იზრდება. ვეცდებით თამაში უმაღლეს დონეზე ჩავატაროთ და მესამე-მეოთხე ტურებშიც კარგი თამაშები წამოვიღოთ. ჩემპიონთა და ჩელენჯ თასის შეხვედრები ტიერ1-ის სანაკრებო მატჩებს არაფრით ჩამოუვარდება. აქ თამაშის ინტენსივობა, პრესისა და მაყურებლების მხრიდან წნეხი ისეთივეა, როგორიც უმაღლესი დონის სანაკრებო შეხვედრებში და საბას და შოთას განსხვავებულ ატმოსფეროში, მაღალ ინტენსივობასა და წნეხში მოუწევთ მუშაობა, რაც მათი განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესია“ – ამბობს ნიკა ამაშუკელი.

RUGBY.GE

0.120077