„ლევანტეს“ ნახევარმცველმა გიორგი ქოჩორაშვილმა კლუბის ვებგვერდს ინტერვიუ მისცა, რომელშიც როგორც გუნდზე, ისე საქართველოს ნაკრებზე ისაუბრა.
„გასახდელში კარგი ატმოსფეროა. ვიცი, რომ როდესაც ვინმე რთულ სიტუაციაშია, უბრალოდ მხარი უნდა დავუჭიროთ, გავამხნეოთ და ბრძოლა ერთად განვაგრძოთ. ვიცი, ამ ზეწოლას როგორ გავუძლოთ. ჩვენი მიზანია მოედანზე პირველიდან ბოლო წუთამდე ვიბრძოლოთ.
საქართველოს ნაკრებში თამაშმა დიდი გამოცდილება, დიდი თავდაჯერება მომცა და მინდა, ეს ჩემს თანაგუნდელებს გავუზიარო, რათა დავეხმარო მათ ყველაფერში, რაც საჭიროა. ყოველთვის ვოცნებობდი საქართველოს ნაკრებთან ერთად დიდ ტურნირზე გასვლა, რადგან არასდროს გვითამაშია დიდ ტურნირზე. ახლა კონცენტრირებული საკლუბო მატჩებზე ვარ და შემდეგ ეროვნული ნაკრების მატჩების დროც მოვა“, - თქვა ქოჩორაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ გიორგი ქოჩორაშვილმა სეგუნდა დივიზიონში მიმდინარე სეზონში 13 შეხვედრაში 2 გოლი გაიტანა, საქართველოს ნაკრებში კი დღემდე ოთხჯერ ითამაშა.