ფეხბურთი

18:39 | 28.11.2023 | ნანახია [] - ჯერ

კარვახალი: "კვარაცხელია ძლიერი მეტოქეა და კონცენტრირებული უნდა ვიყო"

მადრიდის „რეალის“ მცველმა დანი კარვახალმა „ნაპოლისთან“ მატჩამდე პრესკონფერენცია გამართა. ესპანელმა ფეხბურთელმა თქვა, რომ მეტოქე მსოფლიო დონისაა, ხოლო თვითონ ხვიჩა კვარაცხელიას წინააღმდეგ სათამაშოდ კონცენტრირებული უნდა იყოს.

"თავს კარგად ვგრძნობ, თავდაჯერებული და კონცენტრირებული ვარ ხვალინდელ მატჩზე. "ნაპოლისთან" დაცვაში კარგად თამაში მომიწევს, რადგან კვარას მსგავსი მართლაც ძლიერი შემტევი გარემარბის წინააღმდეგ თამაში მომიწევს. კალენდარი მართლაც გადატვირთულია, რაც ყოველთვის მოითხოვს ჩვენგან დიდ ძალისხმევას, ძალიან ბევრ მატჩს ვთამაშობთ და შემთხვევითი არ არის, რომ ტრავმები ყოველთვის ბევრია, თუ ყოველ სამ დღეში თამაშობ, ძნელია 100%-ით მზად იყო.

არ არის კარგი ამდენი ტრავმირებული, მაგრამ ამ შემთხვევაში კარი იღება სხვა თანაგუნდელებისთვის, რომლებიც ნაკლებად თამაშობენ. ეს მათი მომენტია, ისინი მზად უნდა იყვნენ და ისარგებლონ თავიანთი შესაძლებლობებით. დარწმუნებული ვარ, რომ ისინი შესანიშნავად ითამაშებენ.

„ნაპოლი“ მსოფლიო დონის გუნდია, რომელმაც ახლახან შეიცვალა მწვრთნელი და ამიტომ ჩვენ ველით ძალიან მოტივირებულ მეტოქეს“, - თქვა კარვახალმა.

შეგახსენებთ, რომ „რეალი“ – „ნაპოლის“ მატჩი 29 ნოემბერს, თბილისის დროით 23:55 საათზე გაიმართება.

0.127009