რაგბი

21:26 | 26.11.2023 | ნანახია [] - ჯერ

დიდი 10 | ყაზბეგი 14:22 არესი

ქუთაისის ‘არესმა’ უშუალო კონკურენტი სტეფანწმინდის ‘ყაზბეგი’ 22:14 დაამარცხა და დიდი 10-ის მიმდინარე სეზონის პირველი წრე საფლეიოფო ექვსეულში დაასრულა.

თამაში თბილისში, „ავჭალაზე“ გაიმართა და ‘არესმა’ მიმდინარე სეზონში სტუმრად მესამე გამარჯვება მოიპოვა. ჯამში მას 5 მოგება და 23 ქულა აქვს და მე-5 ადგილზეა. ‘ყაზბეგს’ 20 ქულა დარჩა, კონკურენტებს 3 ქულით ჩამორჩა და მე-7 ადგილზე დაქვეითდა.

მატჩის დებიუტში სტუმრებმა შეცდომები დაუშვეს, ‘ყაზბეგი’ ინიციატივას დაეუფლა და ლაშა გედეხაურის ფეხით გადაკიდებული ბურთი მარცხენა ფრთაზე იაგო გელაძემ დაამიწა. დავით მოძღვრიშვილმა გარდასახვა ვერა, თუმცა შემდეგ ეპიზოდებში ორი შორეული ჯარიმა გაიტანა და მასპინძლები 11:0 დააწინაურა.

ტაიმის ბოლოს ‘არესი’ გააქტიურდა. სტეფანწმინდელები გარკვეული დროით თავს კარგად იცავდნენ, მაგრამ 34-ე წუთზე საკუთარ ლელოსთან რაქიდან ბურთი გამოუვარდათ, სიტუაციაში ყველაზე სწრაფად ზურა ოდიკაძე გაერკვა და საპასუხო ლელო გაიტანა. გარდასახვა ძელს მოხვდა. სამაგიეროდ, 3 წუთში შეცვლაზე შესულმა გიორგი თევდორაძემ ჯარიმა გაიტანა და სხვაობა 3 ქულამდე დაიყვანა – 11:8.

მეორე ტაიმი სტუმრების აქტიურობით დაიწყო. ‘ყაზბეგი’ 18 წუთის განმავლობაში ახერხებდა მეტოქის შეჩერებას. მერე ‘არესმა’ არცთუ კარგი დერეფნის შემდეგ მორკინალებით შეუტია და ზურა ოდიკაძემ თავისი მეორე ლელო ძელებსშუა გაიტანა, გიორგი თევდორაძემ კი გარდასახა.

დავით მოძღვრიშვილმა ჯარიმით ჩამორჩენა 1 ქულამდე დაიყვანა, თუმცა იქვე ‘არესმა’ მძლავრი მოლით და გოგა კობახიძის ლელოთი უპასუხა, რასაც თევდორაძის გარდასახვა მოყვა – 22:14. მატჩის საუკეთესო მოთამაშე ორი ლელოს ავტორი ოდიკაძე გახდა.

RUGBY.GE

0.112016