ფეხბურთი

22:55 | 25.11.2023 | ნანახია [] - ჯერ

მაძარი მოგებით დაბრუნდა, ხვიჩამ ულამაზესი თავური გაიტანა

„ნაპოლი“ სერია A-ს მე-13 ტურში ბერგამოში „ატალანტას“ ესტუმრა და 2:1 დაამარცხა. ეს ნეაპოლელთა უმნიშვნელოვანესი გამარჯვება გახლდათ, რადგან ბოლო დროს კარგი დროება არ უდგათ. ვალტერ მაძარი კი მოგებით დაბრუნდა.

ვნახეთ ახალი მთავარი მწვრთნელის, ვალტერ მაძარის რე-დებიუტი (ის ნაეაპოლელებს 1998-99 და 2009-13 წლებშიც წვრთნიდა). ვნახეთ ტრავმამოშუშებული ვიქტორ ოსიმენის დაბრუნება - უნიღბოდ...

34-ე წუთზე ჯაკომო რასპადორის პასით ამირ რაჰმანიმ გაიტანა თავით, მაგრამ თამაშგარეს მიზეზით არ ჩაუთვალეს. ცოტა ხანში მძიმე ტრავმა მიიღო ოლივერამ. ურუგვაელი მინდვრიდან საკაცით გაიყვანეს. მისი ტრავმის სიმძიმე ჯერჯერობით უცნობია.

44-ე წუთზე კი ხვიჩა კვარაცხელიას ჯერი დადგა, საჯარიმოში შეჭრილმა ქართველმა ჯოვანი დი ლორენცოს ჩაწოდებულ ბურთს თავი დაჰკრა და ანგარიში გახსნა. ეს კვარას მეორე თავური გოლი გახლდათ სერია A-ში. პირველი მან გასული სეზონის სადებიუტო მატჩში გაიტანა 15 სექტემბერს „ვერონას“ წინააღმდეგ.

ახლა კვარას სერიაში 4 გოლი და 3 საგოლე გადაცემა დაუგროვდა. ერთი „ასისტი“ მან ჩემპიონთა ლიგაზეც შეასრულა. ხვიჩა ამჯერადაც ძალიან შესამჩნევი იყო მინდორზე. ხშირად ეუხეშებოდნენ.

მეორე ტაიმი მასპინძელმა ბერგამოელებმა უფრო აქტიურად დაიწყეს და ამისათვის დასაჩუქრდნენ კიდეც. ნიგერიელმა ადემოლა ლუკმანმა ასევე თავურით გაათანაბრა. თუმცა ამ ეპიზოდში ნეაპოლელთა დაცვის ცენტრს უკეთ გარჯა მართებდა.

მერე მასპინძელთა ხორვატმა მარიო პაშალიჩმაც შეაგდო, ასევე სტუმართა დაცვის გაუმართაობის გამო, მაგრამ მასაც თამაშგარე დაუფიქსირეს.

გამოჩნდა ტრავმამოშუშებული ვიქტორ ოსიმენი. გამოჩნდა და საგოლე გადაცემაც გაახერხა ვარდნაში. გამარჯვების გოლი კი ასევე შცვლაზე შესულმა ჩრდილომაკედონელმა ელიფ ელმასმა გაიტანა.

ამჟამად „ნაპოლიმ“ 24 ქულა მოაგროვა და ცხრილში მესამე ადგილზე დგას, თუმცა უშუალო მდევარ „მილანს“ ერთი თამაშით ნაკლები აქვს და მოგვიანებით „ფიორენტინას“ დაუპირისპირდება.

ატალანტა - ნაპოლი 1:2

0:1 კვარაცხელია (44), 1:1 ლუკმანი (53), 1:2 ელმასი (79)

0.148793