რაგბი

19:00 | 22.11.2023 | ნანახია [] - ჯერ

EPCR და საქართველოს რაგბის მარკეტინგის ჰაბი ისტორიული პარტნირობის დაწყებას აცხადებენ
  • EPCR და საქართველოს რაგბის მარკეტინგის ჰაბი ტურიზმის სფეროში სამწლიან პარტნიორობას იწყებენ, რომელიც ორივე ტურნირს Investec Champions Cup-ს და EPCR Challenge Cup-ს მოიცავს.
  • ტურიზმის სექტორში პარტნიორობა პირველია EPCR-თვის და ის ხელს უწყობს საქართველოს, როგორც მიმზიდველი ტურისტული დანიშნულების წარმოჩინებას.
  • ახალ გეოგრაფიულ ბაზარზე გაფართოება EPCR-სტრატეგიული ამბიციის ნაწილი და საკვანძო ნაბიჯია, რითაც EPCR-ის ტურნირების ცნობადობაც გაიზრდება.

ევროპის პროფესიული რაგბის კლუბი (EPCR) სიამოვნებით აცხადებს რომ იწყებს სამწლიან პარტნიორობას საქართველოს რაგბის მარკეტინგის ჰაბთან, რომელიც Investec Champions Cup-ის და EPCR Challenge Cup-ის ოფიციალური გლობალური პარტნიორი ხდება.

მსგავსი პარტნიორობა, რომელიც ტურიზმის სექტორს მოიცავს, პირველია EPCR-თვის და ამით საქართველოს როგორც ყველა სეზონზე მიმზიდველი ტურისტული დანიშნულების ხელშეწყობა მოხდება, წარმოჩინდება ქართული ტრადიციები, კულტურა და ადგილობრივი პროდუქცია.

EPCR-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, ჟაკ რეინომ თქვა: „ეს არის ძალიან საინტერესო ახალი პარტნიორობა EPCR-სთვის და ჩვენ მოხარული ვართ მივესალმოთ საქართველოს რაგბის მარკეტინგის ჰაბს EPCR-ის პარტნიორთა ოჯახში.

„ჩვენი ამბიციური სტრატეგიის მთავარი ღერძი ახალ აუდიტორიებზე წვდომაა და ჩვენ მოუთმენლად ველით როდის გაიცნობენ გულშემატკივრები საქართველოს რაგბისა და რაგბის ფესვებს მიღმაც.

„იმის გარდა, რომ EPCR ტურიზმის სექტორში ოფიციალური პარტნიორი ხდება, სხვა მხრივაც ვაგრძლებთ მომავალი სეზონის წინ პოზიტიურ კომერციულ იმპულსს – მოხარულები ვართ, რომ Investec ასევე შეუერთდება EPCR-ს როგორც Investec Champions Cup-ის სატიტულო პარტნიორი”.

ქართულ მხარესთან პარტნიორობა მოიცავს ციფრულ უფლებებს EPCR-ის სოციალურ არხებსა და ვებსაიტებზე, ასევე LED და პერიმეტრულ დაფებს EPCR-ის მატჩების დღეებში.

საქართველოს შავი ლომი იასპარეზებს EPCR Challenge Cup-ში, როგორც მოწვეული კლუბი, რაც საქართველოსთვისაც და ტურნირისთვისაც ისტორიული მოვლენაა. ამის შესახებ საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტმა იოსებ ტყემალაძემ განაცხადა.

„ჩვენ უსაზღვროდ მადლობელი ვართ EPCR-ის ამ საოცარი შესაძლებლობისთვის, რომელიც მსოფლიოს საშუალებას აძლევს ნახოს ულამაზესი ქვეყანა საქართველო, ლელო-ბურთის და ქართული რაგბის სამშობლო. დარწმუნებული ვარ, რაგბის გლობალური ოჯახის მრავალმილიონიანი აუდიტორია კმაყოფილი დარჩება დიდებული ღირსშესანიშნაობებით, რომლითაც საქართველო მათ წინაშე წარდგება.

„ჩვენ წრფელი გულით, როგორც მეგობრებს ვეგებებით და ველით ჩვენს ქვეყანაში მოწინააღმდეგე გუნდებს და მათ მრავალრიცხოვან გულშემატკივარს. დარწმუნებული ვარ, რომ ტურნირის საზღვრების გაფართოება სარგებელს მოუტანს როგორც რაგბის მთლიანობაში, ასევე საქართველოს. ეს თანამშრომლობა შექმნის ახალ ნიშნულს და მაგალითს სხვებისთვის რომ მოგვბაძონ.

“მე მინდა მადლობა გადავუხადო პირადად EPCR-ის პრეზიდენტს, დომინიკ მაკკეის და აღმასრულებელ დირექტორს, ჟაკ რეინოს, ასევე მათ გამორჩეულ გუნდს უსაზღვრო მხარდაჭერისა და ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის.”

რეინომ დასძინა: „ჩვენ ძალიან მოხარული ვართ, რომ საქართველოსთან პარტნიორობა რაგბის მიღმაც გაფართოვდება. ვიცით, რომ ჩვენი კლუბები უსაზღვრო სიამოვნებას მიიღებენ თბილისში მოგზაურობით და ჩვენი გულშემატკივარიც ასევე კმაყოფილი დარჩება საქართველოს ნახვით სტადიონს მიღმაც”.

RUGBY.GE

0.114534