ევროპის ჩემპიონატის 24 მონაწილიდან 21 ცნობილია, მაგრამ სანამ ყველა ნაკრების ვინაობა გაირკვევა, მანამდე ჯგუფური ეტაპის წილისყრა გაიმართება.
მაგალითად, საქართველოს ნაკრები თუ გავა ევრო 2024-ზე, უკვე ეცოდინება, რომელ ჯგუფში ითამაშებს და ვინ იქნება მისი მეტოქეები.
მონაწილე ნაკრებები ოთხ კალათაში საკვალიფიკაციო ეტაპზე ნაჩვენები შედეგების მიხედვით განაწილდნენ. მაგალითად, საუკეთესო შედეგის მქონე პირველადგილოსანი 5 ნაკრები პირველ კალათაში მოხვდა, ყველაზე ცუდი შედეგის მქონე სამი მეორეადგილოსანი კი მეოთხე კალათაშია:
I კალათა - მასპინძელი და საუკეთესო 5 პირველადგილოსანი ნაკრები
გერმანია, პორტუგალია, საფრანგეთი, ესპანეთი, ბელგია, ინგლისი
II კალათა - 5 პირველადგილოსანი და საუკეთესო მეორეადგილოსანი
უნგრეთი, თურქეთი, რუმინეთი, დანია, ალბანეთი, ავსტრია
III კალათა - მეორეადგილოსნები (2-7 შედეგებით)
ნიდერლანდები, შოტლანდია, ხორვატია, სლოვენია, სლოვაკეთი, ჩეხეთი
IV კალათა - მეორეადგილოსნები (8-10 შედეგებით) და პლეი-ოფის მონაწილეები
იტალია, სერბეთი, შვეიცარია, პლეი-ოფიდან გასული დანარჩენი სამი ნაკრები
ევრო 2024-ის ჯგუფური ეტაპის წილისყრა 2 დეკემბერს, ჰამბურგში, თბილისის დროით 21:00 საათზე ჩატარდება.
პლეი-ოფის მატჩები 21-26 მარტს, ხოლო ევროპის ჩემპიონატი 14 ივნისიდან 14 ივლისის ჩათვლით გაიმართება.