ფეხბურთი

22:53 | 21.11.2023 | ნანახია [] - ჯერ

იაშვილი: "ერთმა კონკრეტულმა პირმა დაუშვა შეცდომა, მაგრამ ახლა მთავარი ერთიანობაა"

მარტში გასამართი ვაჟთა ეროვნული ნაკრების პლეი-ოფის ნახევარფინალური მატჩის გარშემო არსებული ვითარების შესახებ, კომენტარი სფფ-ის ვიცე-პრეზიდენტმა და სანაკრებო მიმართულების ხელმძღვანელმა - ალექსანდრე იაშვილმა გააკეთა.

ალექსანდრე იაშვილი: "ძალიან სამწუხაროა, რომ ჩვენი გუნდის ერთ-ერთი წევრის მიერ ეროვნული ნაკრები შეცდომაში იქნა შეყვანილი არსებულ რეგულაციასთან დაკავშირებით, რაც თავისთავად დაუშვებელია! 21 მარტს მოედანზე ხვიჩას არყოფნა დიდი დანაკლისია გუნდისთვის, ფედერაციისთვის და თითოეული ჩვენგანისათვის.

წლების განმავლობაში, თქვენი მხარდაჭერით, ნაბიჯ-ნაბიჯ მივდივართ იმ დასახული მიზნისკენ, რასაც ევროპის ჩემპიონატზე თამაში ჰქვია. მიუხედავად ეროვნული ნაკრების მენეჯმენტის თავდაუზოგავი შრომისა, კონკრეტული პირის მიერ დაშვებული იქნა ძალიან დასანანი ადამიანური შეცდომა, რისთვისაც მთელი გუნდის სახელით ვიხდი ბოდიშს და მე, როგორც სანაკრებო მიმართულების ხელმძღვანელი, პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე ვიღებ.

დღეს, ჩვენი ეროვნული ნაკრების ინტერესებიდან გამომდინარე ყველაზე მნიშვნელოვნად მიგვაჩნია ერთიანობის შენარჩუნება და მარტის გადამწყვეტი თამაშისთვის მომზადება. იმედი მაქვს თქვენი მხარდაჭერის, მჯერა ჩვენი გუნდის ერთიანობის, მისი ძალის და მწამს რომ აუცილებლად დავამარცხებთ ლუქსემბურგის ნაკრებს, გავალთ პლეი-ოფის ფინალში, სადაც სანუკვარ ოცნებას უკვე ხვიჩასთან ერთად შევეჭიდებით და ავიხდენთ".

შეგახსენებთ, რომ საქართველო 21 მარტს ნახევარფინალში ლუქსემბურგს შეხვდება და ხვიჩა კვარაცხელია სწორედ ამ მატჩში ვერ ითამაშებს. ვილი სანიოლის გუნდი თუ მოიგებს, ფინალში 26 მარტს, საბერძნეთსა და ყაზახეთს შორის უმჯობესს დაუპირისპირდება.

0.117109