საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა Footymercato-ს ძალიან ვრცელი ინტერვიუ მისცა, რომელიც ძირითადად საქართველოში მის მუშაობას დაეთმო.
როგორც ფრანგმა სპეციალისტმა აღნიშნა, ევროპის ჩემპიონატით შესაძლოა საქართველოს ნაკრებში მისი ციკლი დასრულდეს.
- უკვე ორი წელია საქართველოს ნაკრების მწვრთნელი ხართ. არჩევანი, რომელმაც დროთა განმავლობაში დაამტკიცა, რომ მართალი იყავით, მაგრამ თავიდან შეიძლება გასაკვირი იყო. როგორ აღმოჩნდა საქართველოში ვილი სანიოლი?
- პირველი კონტაქტი იყო 2020 წლის შემოდგომაზე, კოვიდის პერიოდში. ოჯახური მიზეზებით 2-3 წლით მომიწია ფეხბურთიდან ჩამოშორება, მაგრამ შემდეგ დავიწყე შეთავაზებების განხილვა. ქართული ფეხბურთის ლიდერები ჩემთან ერთად ბუნდესლიგაში თამაშობდნენ. მომეწონა მათი პროექტი და ასე აღმოვჩნდი ქვეყანაში, რომელსაც საერთოდ არ ვიცნობდი.
- გქონდათ თუ არა, ამ დროს სხვა საინტერესო შეთავაზებები?
- დიახ, რეგულარულად. ზოგჯერ მირეკავდნენ აფრიკიდან და აზიიდან, მაგრამ საქართველოსთან დაკავშირებით სხვა განცდა მქონდა, ვგრძნობდი, რომ სწორედ აქ უნდა წავსულიყავი, რათა განვითარებულიყავი და გამოცდილება მიმეღო სხვა კონტექსტში. რაღაც ახალი უნდა დამეწყო.
- თქვენ ნათქვამი გაქვთ, რომ ფეხბურთს ფული აბინძურებს. ფეხბურთში რაიმეს მიმართ იმ მომენტში ზიზღი გქონდათ?
- არა, არ მეზიზღება, რადგან ფეხბურთი მიყვარს. დღეს საფეხბურთო სამყარო განსხვავებულია, ცხადია, ეს თაობის საკითხიცაა. ეს ცხოვრების ევოლუციაა.
- რა გაღიზიანებთ დღევანდელ ფეხბურთში?
- დარწმუნებული ვარ, ფეხბურთი სწორი მიმართულებით არ მიდის იდეოლოგიური და საქმიანი მიზეზების გამო. მაგრამ გვაქვს სხვა არჩევანი? არ ვიცი, ეს ჩემი შესაფასებელი არ არის. ფეხბურთი შეიცვალა და ჩვენ ეს მდგომარეობა უნდა მივიღოთ, რადგან მე არ შემიძლია ამ სიტუაციის შეცვლა.
- საქართველოში ბევრ ახალგაზრდასთან გიწევთ მუშაობა, მაგრამ ეს არ არის თქვენთვის პირველი შემთხვევა, მანამდე საფრანგეთის ახალგაზრდულ ნაკრებში მუშაობდით. არის თუ არა, ახალგაზრდებთან მუშაობა ერთგვარი სიწმინდის პოვნის საშუალება?
- ახალგაზრდებთან მუშაობით გვაქვს შესაძლებლობა, რომ დავეხმაროთ მათ წინსვლაში, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია. ჩვენ გვინდა მოვამზადოთ ისინი და მივცეთ საუკეთესო იარაღი, რომ საუკეთესო კარიერა ჰქონდეთ.
- რამდენიმე თვე კარლო ანჩელოტისთან ერთად იმუშავეთ. როგორი იყო გამოცდილების თვალსაზრისით?
- ვინც იცის, მიცნობს, რომ კარლო ანჩელოტისთან გატარებული დროით დიდი გამოცდილება მივიღე და ეს ღირდა. მან მთლიანად გამიღო კარი მისი მუშაობის სტილის და მოქმედებების შესახებ. ამან ძალიან შემცვალა უკეთესობისკენ, განსაკუთრებით, მწვრთნელის პროფესიისადმი ჩემი მიდგომის კუთხით. ყოველთვის მახსენდება მისი ფრაზა, როცა მეუბნებოდა, რომ ენერგია იმაზე უნდა მიმემართა, რისი შეცვლა შემეძლო, დანარჩენზე კი ენერგიის 1%-იც არ უნდა დამეხარჯა. ცხადია, გავლენა იქონია იმ ფაქტმაც, რომ ყოველდღიურად მის გვერდით ვმუშაობდი.
- ნაკრების მწვრთნელობა განსხვავებულია? თუნდაც იმიტომ, რომ გრაფიკი ნაკლებად დატვირთულია...
- მართალია, ნაკრების და გუნდის მწვრთნელო ორ განსხვავებული საქმეა. ნაკრებში ნაკლები მატჩები გაქვს და ყოველდღიური წნეხი განსხვავებულია. თუმცა, ყველაფერი ათჯერ იზრდება, როცა ნაკრები იკრიბება, რადგან ყველაფერი ერთდროულად ხდება. კლუბში კი, ინტენსივობას პერიოდულად ამცირებ.
- აქვს თუ არა, ვილი სანიოლს თავისუფალი დღე საქართველოში?
- არა, ნამდვილად არა, რადგან როდესაც საქართველოში ვარ, ვემზადები მატჩებისთვის, ისე არ არის, რომ მუშაობას 2-3 კვირით ადრე ვიწყებ. ეს უფრო გლობალური სამუშაოა. დიდ დროს ვატარებ ფეხბურთის ფედერაციის თანამშრომლებთან და მატჩების სანახავად დავდივარ, განსაკუთრებით ბათუმში, სადაც მანქანით მივდივართ. საფრანგეთში კილომეტრის გალას შეიძლება 1 წუთი სჭირდება, აქ კი, ბევრად მეტი.
- გყავთ გუნდი, რომლებთან ერთად დადიხართ მატჩების სანახავად?
- გუნდი არა, რადგან საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას არ აქვს ისეთი ფინანსური რესურსი, როგორიც საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციას. აქ ყოველ ევროს ვითვლით, ასე რომ, თვითმფრინავის ბილეთიც ამძიმებს ფინანსურ მდგომარეობას. ჩვენ ბევრი არ ვართ, ამიტომ რესურსის ოპტიმიზაციას უნდა უნდა ვეცადოთ.
- თქვენი სურვილი იყო თავიდანვე საქართველოში ყოველდღე ცხოვრება?
- დიახ, როცა ჩავედი, ჩემს თანამშრომლებს ვუთხარი, რომ წარმატების მისაღწევად გვჭირდებოდა კულტურის და ხალხის აზროვნების გაგება. ჩემს თავს ვუთხარი, რომ ეს აუცილებლად დაგვეხმარებოდა და საშუალებას მოგვცემდა თავიდან აგვეცილებინა წარუმატებლობა.
- საფრანგეთში ცხოვრება შეუთავსებელი იყო?
- ვფიქრობ, ეს შესაძლებელია, რადგან ვიცი, რომ ჩემი წინამორბედები ასე იყვნენ. მაგრამ მე სხვანაირად მინდოდა, თანაც ფედერაციის ხალხის პატივისცემაც იყო, რომ იქ მეცხოვრა. ამიტომ, ჩემს წინამორბედებზე მეტ დროს ვატარებ საქართველოში.
- იქნებ, ესეც არის თქვენი წარმატებს ერთ-ერთი მიზეზი?
- მეც ასე ვფიქრობ, რადგან ამან მომცა საშუალება გამეგო რაღაცები, ვიყო უფრო რეაქტიული პრობლემების დროს. ვიცი, რომ ქართველებსაც მოეწონათ ეს გადაწყვეტილება, რადგან მათ საკუთარ თავს უთხრეს: ბოლოს და ბოლოს, გვყავს მწვრთნელი, რომელსაც სურს აქ იყოს და დაგვეხმაროს რაღაცის შექმნაში. ეს დამეხმარა ნაკრებში ენთუზიაზმის შექმნაში, თუნდაც ზოგჯერ ჩავარდნა გვქონდეს. აღმასვლა და დაღმასვლა ბუნებრივია, რადგან როცა საქართველოს ნაკრებში ხარ, იცი, რომ გაგიჭირდება, რადგან მეტოქეები ხშირად შენზე ძლიერები არიან.
- 5 წლის წინ წარმოდგენაც რთული იქნებოდა, რომ საქართველოს ევროპის ჩემპიონატზე გასვლა შეეძლებოდა. პლეი-ოფში საბერძნეთს, ლუქსემბურგს და ყაზახეთს შეხვდებით...
- მე ვიტყოდი, რომ ევროპის ჩემპიონატზე გასვლა არ იქნება წარმატება და ვერგასვლა არ იქნება წარუმატებლობა. ჩემი საქმე ამით არ უნდა შემოიფარგლოს, თამაშში შეიძლება ბევრი რამ მოხდეს. ჩემი მუშაობის წარმატება იმაში მდგომარეობს, რომ გვაქვს შანსი ვითამაშოთ ევროპის ჩემპიონატზე, პლეი-ოფში. ამის შემდეგ ცხადია, რომ გვინდა გავიდეთ, რადგან თითქმის სამი წელია ამ მიზნით ვთამაშობთ.
- განსაკუთრებით, როცა ევროპის ჩემპიონატზე 24 გუნდი თამაშობს. ვნახეთ პატარა ერებიც ახერხებენ გასვლას, მაგალითად, 2021 წელს ჩრდილოეთ მაკედონია...
- დიახ, ჩრდილოეთ მაკედონია მაგალითია, მაგრამ ვერ ვიტყვი, რომ ჩვენთვის ეს ნაკრები მაგალითია. უფრო მეტიც, ევროპის ჩემპიონატიდან მალევე ჩრდილოეთ მაკედონია ერთა ლიგაზე ორჯერ დავამარცხეთ. ამიტომ, ჩვენ თავს ვუთხარით, რომ თუ ისინი გავიდნენ ევროპის ჩემპიონატზე, ჩვენც შეგვეძლო ამის გაკეთება.
- წარმატება ახალი თაობის დამსახურებაცაა?
- ცოტა ხნის წინ ჟურნალისტმა მითხრა: შედეგები კარგი გაქვთ, მაგრამ ასევე იმიტომ, რომ „ოქროს თაობა“ გყავთ. ჩემი გუნდიდან 5 ფეხბურთელის დასახელება ვთხოვე და მან ვერ მიპასუხა (იცინის - რედ). ცხადია, გვყავს კვარაცხელია, რომელსაც ყველა იცნობს. ის ნიჭიერი მოთამაშეა, მისი წარმატება არ გამკვირვებია, რადგან ის იყო ფეხბურთელი, რომელმაც ჩემზე შთაბეჭდილება პირველივე ვარჯიშიდან მოახდინა. ასევე გვყავს „ვალენსიას“ მეკარე გიორგი მამარდაშვილი, რომელსაც ხალხი თავიდან არ იცნობდა, როცა საქართველოს ჩემპიონატში თამაშობდა. ის საჭირო ადგილას საჭირო დროს მოხვდა და ძალიან ბევრს მუშაობდა. თუმცა, ამ ორი მოთამაშის გარდა, გვაქვს გიორგი მიქაუტაძე, რომელიც „მეცში“ შესანიშნავი იყო, მაგრამ ამ სეზონში სათამაშო პრაქტიკა არ აქვს, ამიტომ ძალიან რთულია. დანარჩენი ფეხბურთელები კი სხვადასხვა დონეზე თამაშობენ.
- კვიპროსთან მატჩში ძირითად შემადგენლობაში ადგილობრივი ჩემპიონატის მხოლოდ ერთი ფეხბურთელი იყო. არის თუ არა, ძალიან დიდი სხვაობა საქართველოს ჩემპიონატსა და ნაკრების ამბიციებს შორის?
- მგრძნობიარე თემას შეეხეთ. აქამდეც მითქვამს და არ ვმალავ, რომ საქართველოს ჩემპიონატი არ არის ისეთი, როგორიც უნდა იყოს. ეს კი, ეროვნული ნაკრების უფრო სწრაფი წინსვლისთვის დაბრკოლებაა.
- საფრანგეთის ჩემპიონატთან შედარებით სად განათავსებდით საქართველოს ჩემპიონატს?
- მე ვიტყოდი, რომ ორი საუკეთესო გუნდი, „დინამო თბილისი“ და „დინამო ბათუმი“, ალბათ ლიგა 2-ის სატურნირო ცხრილის მეორე ნაწილის დონის გუნდები არიან. ამიტომ, მაღალი დონისგან ჯერ კიდევ შორს ვართ. როცა სხვა გუნდებს ვეთამაშებით, მათ ფეხბურთელებს ჩემპიონთა ლიგაზე 400-500 მატჩი აქვთ ჯამურად ჩატარებული, ჩვენ ასეთი გამოცდილება არ გვაქვს. ამიტომ, ფეხბურთელებს დონის ასამაღლებლად საქართველოს ჩემპიონატიდან წასვლა უწევთ.
- თქვენ გყავთ რამდენიმე ფეხბურთელი, რომლებიც ევროპის 21-წლამდე ჩემპიონატის მეოთხედფინალში გავიდნენ. ეს მაინც საუკეთესო გუნდია, რომელშიც ოდესმე გიმუშავიათ?
- როცა აქ ჩამოვედი, საშუალო ასაკით უფრო უფროსი გუნდი მყავდა. გუნდს განახლება სჭირდებოდა. გუნდში აუცილებელი გამოცდილი ფეხბურთელებიც, გარდა ამისა, მხოლოდ ახალგაზრდებზე დაყრდნობა გარკვეულ რისკებსაც შეიცავს. ეს უკავშირდება ნაკლებ გამოცდილებას, ნაკლებ სიმწიფეს, ამიტომ, ხანდახან საჭიროა კარგი დინამიკა. ოქროს თაობაზე საუბარი რთულია, ეს ფეხბურთელებს ზედმეტ წნეხსაც უქმის. ჩვენ ვიცით ვინ ვართ, რა დონეზე ვართ და ვიცით, რომ ჯერ კიდევ ძალიან, ძალიან შორს ვართ უძლიერესი ნაკრებებისგან.
- ყოველდღიურად აკვირდებით ქართველ ფეხბურთელებს. ხედავთ ფეხბურთელს, რომელიც ხვიჩა კვარაცხელიას მსგავსად ითამაშებს? და, რას ფიქრობთ, ნაკრებში მის თამაშზე?
- არა, ამჟამად არა. ვერ ვხედავ ვინმეს, ვისაც შეიძლება მსგავსი განვითარება ჰქონდეს. როცა კვარა ნაკრებშია, დარწმუნებული ვარ, რომ მას ნაკრებში გამარჯვების სურვილი უფრო მეტად აქვს, ვიდრე „ნაპოლიში“. ფეხბურთელები აქ თავიანთი ნაკრებისთვის ცხოვრობენ. ფართობით და მოსახლეობის თვალსაზრისით საქართველო ძალიან პატარა ქვეყანაა, მაგრამ ისტორიულად მას თავს ესხმოდნენ, მონღოლები, ოსმალები და შემდეგ საბჭოთა კავშირის შემადგენლობაშიც შედიოდა. ეს არის ქვეყანა, რომელმაც ბევრი რამ განიცადა და დღეს ამ ქვეყნის ნაკრების მაისურის ტარება ნამდვილი სიამაყეა. ნაკრებში თამაში ფეხბურთელებისთვის აქ უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე საფრანგეთში, გერმანიაში ან ინგლისში. არსებობს ნაკრების მიმართ კავშირის განსაკუთრებული განცდა.
- ქართველი ფეხბურთელების მიმართ უფრო მეტი ინტერესი გაჩნდა ევროპაში?
- ორი წლის განმავლობაში ნაჩვენებმა შედეგებმა ბევრი კლუბი აიძულა ჩამოსულიყვნენ და აქ ენახათ ფეხბურთელები. ამაში თავისი როლი კვარას და მამარდაშვილის პროგრესმაც ითამაშა, რადგან მოდიან სკაუტები და ეძებენ ნიჭიერ ფეხბურთელებს, მაგრამ ჯერჯერობით, ბევრი ვერ ნახეს. აქ მართლაც არის ნიჭიერი ფეხბურთელები, მაგრამ როგორც ვთქვი, „ოქროს თაობისგან“ შორს ვართ. მე ვიტყოდი, რომ მშენებლობის ფაზაში ვართ და ეს ერთადერთია, რაც ჩემთვის მნიშვნელოვანია. მე არც ფეხბურთელების აგენტი ვარ და არც კლუბის სელექციონერი, უბრალოდ მწვრთნელი ვარ.
- 2021 წლის ოქტომბრიდან 2022 წლის ნოემბრამდე 11 მატჩიანი დაუმარცხებელი სერია გქონდათ. დაამარცხეთ შვედეთი და ბოსნია. თქვენ, საქართველოს ნაკრების ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო ფურცელს წერთ...
- შესაძლოა, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის შექმნიდან ერთ-ერთი საუკეთესო ფურცელი იწერება, მაგრამ მე არ ვწერ, კალამიც არ მაქვს (იცინის - რედ). უბრალოდ, მწვრთნელი ვარ და ვცდილობ, ჩემი საქმე ვაკეთო. ამჟამად, ვფიქრობ, ამას კარგად ვაკეთებ და ამით ვამაყობ, რადგან გვირჩევნია კმაყოფილებმა დავიძინოთ, ვიდრე უკმაყოფილოებმა. თუმცა, ეს არ არის ჩემი დამსახურება, ეს არის ქვეყნის დამსახურება, რადგან ეს არის ქვეყანა, სადაც ნაკრების მატჩებზე სტადიონი ყოველთვის ივსება. წარმატება მათი დამსახურებაა.
- ევროპის ჩემპიონატზე გასვლა ამ ისტორიას უფრო გაალამაზებს. იქნება თუ არა, ეს თქვენი ციკლის დასასრული? მით უფრო, რომ კონტრაქტი 2024 წლის დეკემბერში გეწურებათ?
- დიახ, მეც ასე ვფიქრობ. ყოველთვის არ არის ადვილი ისეთ პირობებში იმუშაო, როდესაც ნაკლები საშუალებები და რესურსი გაქვს, საჭიროა ყოველდღიური მოტივაციაც. ვფიქრობ, პლეი-ოფის გამარჯვების ან მარცხის შემთხვევაში მუშაობის გაგრძელება გართულდეს, რადგან ამას დიდი ენერგია და მოტივაცია სჭირდება.
- ფრანგული კლუბები დაგიკავშირდნენ?
- დიახ, არის რეგულარული კონტაქტები ფრანგულ კლუბებთან. გარწმუნებთ, რომ პსჟ-დან არასდროს დაურეკავთ (იცინის - რედ), მაგრამ კონტაქტები ყოველთვის არის. თუმცა, ამაზე არ ვფიქრობ, რადგან ახლა საქართველოს ნაკრებზე ვარ კონცენტრირებული და ნამდვილად, ჩემი მთელი ენერგია მიმართულია საქართველოში მიზნების მისაღწევად.
- გაქვთ „ბორდოდან“ კარგი მოგონებები?
- ჩვენ მიდრეკილები ვართ ვისაუბროთ წარუმატებლობაზე, მაგრამ მე მომწონს ჩემი ისტორია „ბორდოში“. ევროპა ლიგაზე გავედით და 63 ქულა დავაგროვეთ (2014-2015 წლების სეზონში - რედ), ლორან ბლანთან ერთად 2009 წელს მოგებული ჩემპიონობის შემდეგ ეს იყო ყველაზე მეტი ქულა, რომელიც „ბორდომ“ ბოლო წლებში დააგროვა. მეორე სეზონი ცუდი გვქონდა, მაგრამ ადამიანები ხშირად მხოლოდ დასასრულს უყურებენ. კარლო ანჩელოტი ძალიან დამეხმარა ამ ასპექტის გააზრებაში. ალბათ, ყველა ვთანხმდებით, რომ ის დიდი მწვრთნელია, ეს საკამათოც არ არის, თუმცა მან მითხრა: „ბევრი კლუბიდან გამათავისუფლეს, მაგრამ ეს არ ნიშნავს წარუმატებლობას, უბრალოდ რაღაც მომენტში ვიღაც სხვა იყო საჭირო. ამიტომ, სიტუაციის ანალიზი არასდროს უნდა შეწყვიტო“.
- „სენტ ეტიენში“ დაბრუნება თქვენთვის საინტერესო იქნებოდა?
- არ ვიცი, ვერ გეტყვით. იქ დავიბადე, იქ ვთამაშობდი, ეს სულ სხვაა, ეს უფრო ემოციური მხარე და გულია, მაგრამ გული ფეხბურთში საუკეთესო მრჩეველი არ არის, ჯობია გონებით აირჩიო, ვიდრე გულით. თუმცა, ჩემს თავს არაფერს ვუკრძალავ.
- როგორია თქვენი შეხედულება იმ სიტუაციაზე, რომელშიც დღეს „ბორდოა“?
- მაწუხებს. ჩემი ოჯახი 2014 წლიდან ბორდოში ცხოვრობს, ჩემი შვილები „ბორდოს“ გულშემატკივრები არიან, ყოველ სეზონში ვყიდულობ ორ აბონემენტს ჩემი შვილებისთვის, მაგრამ ის, რაც გუნდში ხდება, მაწუხებს, რადგან საფრანგეთში მნიშვნელოვანი გუნდია. თუმცა, მილიარდები თუ არ გაქვს, რთულია დღეს კლუბებისთვის არსებობა. საფრანგეთის მოწინავე 5 გუნდსა და დანარჩენის შორის სხვაობა უზარმაზარია.
- როგორ შეაფასებთ ისეთ ნიჭიერ ფეხბურთელებს, როგორებიც მატის ტელი და უორენ ზაირ-ემერი არიან?
- დღეს ფეხბურთი წარსულისგან განსხვავდება. ფეხბურთი განვითარდა, ახლა ფულის შოვნის საშუალებაცაა. 30 წლის წინ, როცა ძალიან ახალგაზრდა ვიყავი, ფეხბურთი მხოლოდ სპორტი იყო, არ იყო საუბარი სოციალურ წინსვლაზე და დიდ თანხებზე. „აფეთქებები“ უფრო დიდ ასაკში ხდებოდა, მაგრამ კილიან მბაპე ითამაშებდა 2020-იან, 1980-იან თუ 1960-იან წლებში ზუსტად ისეთი ფეხბურთელი იქნებოდა, როგორიცაა, რადგან ზიდანი ანრი ან პლატინი ათწლეულებში ერთხელ იბადებიან.
- საფრანგეთი ევროპის ჩემპიონატზე ფავორიტია? არ გაქვთ უფლება დაასახელოთ საქართველო...
- საქართველოს თუ ვერ დავასახელებ, გამიჭირდა ფავორიტის თქმა (იცინის - რედ). სერიოზულად კი, არ მინდა შოვინისტი ვიყო, მაგრამ დღეს მსოფლიოში არცერთ ქვეყანას არ აქვს ისეთი პოტენციალი, როგორიც საფრანგეთს. სხვა ქვეყნებშიც ძალიან მაღალი ხარისხის ფეხბურთელები არიან, მაგრამ საფრანგეთში გვყავს 3-4 ძალიან მაღალი დონის მოთამაშე, ასეთი არჩევანი კი არავის აქვს. ასევე უნდა აღვნიშნოთ ფრანგი მწვრთნელების დამსახურება, რადგან თუ კილიან მბაპე ხდება კილიან მბაპე, ეს იმის დამსახურებაცაა, რომ სწორი მწვრთნელები ჰყავდა და სწორედ ეს ხალხი უნდა გამოვარჩიოთ.