ფეხბურთი

1:45 | 20.11.2023 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს ნაკრებმა წელი და საკვალიფიკაციო ეტაპი წაგებით დაასრულა

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა 2023 წელი და ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპის ჯგუფური ტურნირი ესპანეთთან წაგებით დაასრულა.

ესპანეთის ნაკრებმა ანგარიში სწრაფად გახსნა, რადგან პრაქტიკულად პირველივე შეტევა გოლით დასრულდა, რომელიც რუბენ ლე ნორმანის აქტივშია. სხვათა შორის, შოტლანდიასთან მეორე გოლის დარად, ახლაც იგივე პოზიცია დარჩა ქართველი მცველებისგან აუთვისებელი. სულ მალე ლუის დე ლა ფუენტეს გუნდს მალევე შეეძლო უპირატესობა გაეზარდა, მაგრამ გიორგი მამარდაშვილმა გავის უძლიერესი დარტყმა მოიგერია - ქართველი მეკარის რეაქცია საოცარი იყო.

სამაგიეროდ, საქართველომ შეძლო სწრაფად გათანაბრება. მეათე წუთზე გიორგი ჩაკვეტაძის უზუსტესი პასით ხვიჩა კვარაცხელია შეატოვა მეკარეს და კვარამაც გიორგის დარად კლასი გამოავლინა. ორივე მაგრად შეასრულეს და - 1:1. კვარაცხელია 15 გოლით ალექსანდრე იაშვილს გაუთანაბრდა საქართველოს ნაკრების ყველა დროის ბომბარდირთა დავაში მესამე ადგილზე, თანაც, ეს იაშკაზე 39-ით ნაკლებ მატჩში შეძლო.

პირველ ტაიმში ესპანეთს კიდევ ჰქონდა რამდენიმე მომენტი, განსაკუთრებით აღსანიშნავია ალვარო მორატას დარტყმა, რომელიც მამარდაშვილმა ისევ ბრწყინვალე სტილში მოიგერია. საბოლოოდ, პირველი ტაიმი 1:1 დასრულდა.

მეორე ნახევარიც „ფურია როხას“ უპირატესობით დაიწყო და 52-ე წუთზე საქართველოს ნაკრები მამარდაშვილმა კიდევ ერთხელ იხსნა, როდესაც როდრის თავური დარტყმა კუთხურზე მოიგერია. თუმცა, ესპანელთა შეტევებმა 55-ე წუთზე შედეგი მაინც გამოიღო და გოლი ისევ თავით გაიტანეს: ხოსე გაიას ჩაწოდების შემდეგ ფერან ტორესს ხელს არავინ უშლიდა - 2:1.

73-ე წუთზე ლუკა ლოჩოშვილმა თავით ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა და საბოლოო ანგარიშიც დაფიქსირდა - 3:1.

საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპი A ჯგუფში 8 ქულით მეოთხე ადგილზე დაასრულა.მომდევნო მატჩს კი, ევრო 2024-ის პლეი-ოფის ნახევარფინალში 21 მარტს ჩაატარებს, მეტოქე ლუქსემბურგის ან აზერბაიჯანის ნაკრები იქნება.

ესპანეთი - საქართველო 3:1 (1:1)

ვალიადოლიდი, „ხოსე სორილია“

ესპანეთი (4-3-3): სიმონი; კარვახალი, ლე ნორმანი, მარტინესი, გაია; გავი (სანსეტი 26), როდრი (ზუბიმენდი 86), ფაბიან რუისი; ფერან ტორესი (იამალი 66), მორატა, უილიამსი (რიკელმე 86)

მწვრთნელი: ლუის დე ლა ფუენტე

საქართველო (3-4-2-1): მამარდაშვილი; კვირკველია, კაშია, ლოჩოშვილი; კაკაბაძე (მამუჩაშვილი 90), ქოჩორაშვილი, კვეკვესკირი (მექვაბიშვილი 60), აზაროვი (გოჩოლეიშვილი 78); ჩაკვეტაძე (ალთუნაშვილი 90), კვარაცხელია; მიქაუტაძე (დავითაშვილი 60)

მწვრთნელი: ვილი სანიოლი

გოლები: 1:0 ლე ნორმანი (4), 1:1 კვარაცხელია (10), 2:1 ფერან ტორესი (55), 3:1 ლოჩოშვილი (72, ა.გ)

გაფრთხილება: როდრი (56), მარტინესი (90) - კვარაცხელია (75), კაშია (83)

სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 19 (8) – 8 (1) ბურთის ფლობა: 68%-32% კუთხურები: 9:3 თამაშგარე: 2:1

მსაჯი: ოვიდიუ ჰაცეგანი (რუმინეთი)

1. ესპანეთი 8 7 0 1 25 5 20 21
2. შოტლანდია 8 5 2 1 17 8 9 17
3. ნორვეგია 8 3 2 3 14 12 2 11
4. საქართველო 8 2 2 4 12 18 -6 8
5. კვიპროსი 8 0 0 8 3 28 -25 0
0.141578