პოტსდამში (გერმანია), 23-წლამდელ ძიუდოისტთა ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა საქართველოს ნაკრებმა, რომელმაც 5 მედალი მოიპოვა. საქმე ქართულ ფინალამდეც მივიდა.
ქართული ფინალი მძიმე წონაში შედგა - საბა ინანეიშვილმა ირაკლი დემეტრაშვილთან წმინდა გამარჯვების შემდეგ ჩემპიონატი საქართველოს ჰიმნით დახურა. მანამდე ჩემპიონობა მოიპოვა ზაურ დვალაშვილმა (81 კგ), რომელმაც ფინალამდე 4 შეხვედრა მოიგო, ოქროს მედლისთვის ბრძოლაში კი იპონით დაამარცხა ბელგიელ იარნე დიუკი.
ბრინჯაოს მედალი მოიპოვა კოტე კაპანაძემ (73 კგ) - გადამწყვეტ შეხვედრაში უკრაინელ ევჰენი ონჩარკოს იპონით აჯობა.
ოქროს მედალთან ახლოს იყო გოგონათა ნაკრების წევრი ნინო ლოლაძე (57 კგ), რომელმაც ფინალამდე 3 შეხვედრა მოიგო, მაგრამ საჩემპიონო შეხვედრაში ნიდერლანდელ ელინ ჰენინგერთან დამარცხდა და ვერცხლის მედალი მიიღო.
საქართველოს ნაკრებმა 2 ოქროს, 2 ვერცხლის და 1 ბრინჯაოს მედლით 37 ქვეყანას შორის გოგონათა და ვაჟთა საერთო ჩათვლაში გუნდური მეორე ადგილი დაიკავა, ვაჟთა შორის კი - პირველი.
GEONOC.ORG.GE