სარეკლამო ადგილი - 1
970 x 90
კალათბურთი

13:37 | 18.11.2023 | ნანახია [] - ჯერ

სპორტუნის, თსსუ-ს და ქუთაისის გამარჯვებები U22 ჩემპიონატში

გრძელდება საქართველოს 22-წლამდელთა ჩემპიონატი, რომელიც წლეულს პირველად ტარდება. დღეს, 17 ნოემბერს, თბილისში 2, ხოლო ქუთაისში 1 მატჩი ჩატარდა. თბილისი არენაზე გამართული ორივე შეხვედრა 8-ქულიანი სხვაობით დასრულდა. პირველ შეხვედრაში სპორტუნიმ 69:61 (სტატისტიკა) დაამარცხა დრიმჩეისერსი, ხოლო თსსუ-მ 78:70 (სტატისტიკა) სძლია სოხუმი-საქართველოს.

დრიმჩეისერსი თავიდან სოლიდურად უგებდა სპორტულის. ნიკა გოგოხიას გაწვრთნილმა გუნდმა პირველი პერიოდი 21:9 მოიგო, თუმცა მეორეში სპორტის უნივერსიტეტელებმა თამაში გამოასწორეს და დიდ შესვენებამდე ჩამორჩენა 5 ქულამდე შეამცირეს – 31:37. მესამე პერიოდში ანგარიშში სხვაობა 2 ქულამდე შემცირდა და სპორტუნიმ გადამწყვეტი დარტყმა მეტოქეზე ბოლო პერიოდში მიიტანა, რომელიც 20:10 მოიგო.

ნუგზარ კანდელაკის გაწვრთნილმა უნივერსიტეტელებმა მეორე გამარჯვება მოიპოვეს და B ჯგუფში გალიდერდნენ. შეგახსენებთ, რომ 22-წლამდელთა ჩემპიონატის მონაწილე 15 გუნდი 2 ჯგუფშია განაწილებული. მეორე გამარჯვება მოიპოვა და A ჯგუფში გალიდერდა თსსუ. სამედიცინო უნივერსიტეტის გუნდმა ახალშექმნილ სოხუმი-საქართველოს სძლია, რაშიც ლაშა ელბაქიძის გაწვრთნილ გუნდს ლუკა ხარაბაძე დიდად დაეხმარა – 17 ქულა, 12 მოხსნა. 22 ქულა ლუკა ლურსმანაშვილის ანგარიშზეა.

რაც შეეხება ქუთაისში გამართულ შეხვედრას, იმერულმა კლუბმა 82:67 (სტატისტიკა) სძლია ვსა-ს (ვიქტორ სანიკიძის აკადემია). პირველი პერიოდი ქუთაისელებმა 29:13 მოიგეს და ვსა ასეთი ჩამორჩენის შემდეგ ისევ თამაშში დაბრუნდა. აკადემიელებმა მეორე პერიოდი 10 ქულით მოიგეს, ხოლო დიდი შესვენების შემდეგ მესამე ათწუთეულიც მეტოქეზე კარგად ჩაატარეს და ჩამორჩენა მინიმუმამდე შეამცირეს.

ბოლო პერიოდის დასაწყის წუთებში ვსა ორჯერ გალიდერდა – ორჯერვე გიორგი ნიკოლოზ ქოზაშვილის ზუსტი სროლით, თუცა მასპინძლებმა სუპერლიგის მოთამაშეების – გიორგი სულაბერიძისა და გიორგი ოჩხიკიძის დახმარებით თამაშის მოგება მოახერხეს. გამარჯვებულთაგან 20 ქულით, 13 მოხსნითა და 6 პასით საუკეთესო იყო სულაბერიძე, ლუკა გორგოძემ 22 ქულა და 6 პასი მიითვალა, ოჩხიკიძის ანგარიშზე 16 ქულა და 7 მოხსნა დაგროვდა. ვსა-ში 11-11 ქულა ჰქონდათ ქოზაშვილსა და ალექსანდრე მაისურაძეს, ლევან ფირცხელიანმა კი 16 მოხსნა და 5 ქულა მიითვალა.

GBF.GE

სარეკლამო ადგილი - 26
250 x 500
0.115052