ფეხბურთი

2:00 | 18.11.2023 | ნანახია [] - ჯერ

დანია ევროპის ჩემპიონატზეა, სამი ჯგუფის ბოლო ტურში ფინალია

ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპი გრძელდება, რომლის ბოლო ტური როგორც ჩანს, ძალიან საინტერესო იქნება, რადგან მინიმუმ სამ ჯგუფში უშუალო კონკურენტები ერთმანეთს შეხვდებიან. დღეს კი, ალბანეთის შემდეგ დანიის ნაკრებმაც მოიპოვა ფინალური ეტაპის საგზური.

C ჯგუფი

C ჯგუფიდან ინგლისი ჯერ კიდევ წინა ტურში გავიდა, რომელმაც შინ მალტასთან პრაქტიკულად ისპარინგა და 2:0 მოიგო. ამ ჯგუფში მთავარი ინტრიგა მეორე ადგილია, რომლის ბედი ბოლო ტურში რომ გაირკვეოდა, ამ ტურამდეც ცნობილი იყო.

უბრალოდ, ახლა ის გაირკვა, რომ ლევერკუზენში, ნომინალურ მასპინძელ უკრაინას მხოლოდ მოგება ეყოფა, იტალიას - ფრეც. იტალიის ნაკრებმა მისთვის ძალიან უხერხულ მეტოქედ ქცეული ჩრდილოეთ მაკედონია 7-წლიანი პაუზისა და 3 მოუგებელი მატჩის მერე როგორც იქნა დაამარცხა. იტალიამ პირველივე ტაიმში გადაწყვიტა მატჩის ბედი, როცა ფედერიკო კიეზამ გაიბრწყინა, რომელმაც დუბლი შეასრულა, ერთხელ მატეო დარმიანმაც გაიტანა. სხვათა შორის, პენალტი ვერ გაიტანა ჟორჟინიომ, რომლის გაცუდებული ორი პენალტის გამო იტალიამ მუნდიალი გამოტოვა, თუმცა, ამჯერადაც ის მივიდა ბურთთან და ამჯერადაც ვერ გაიტანა... იტალიამ მაინც მოიგო, მიუხედავად იმისა, რომ მაკედონიელებმა ორი ბურთი 74-ე წუთისთვის გაქვითეს. ბოლოს, ჯაკომო რასპადორიმ და სტეფან ელ შაარავიმ ყველაფერს წერტილი დაუსვეს და ლუჩანო სპალეტის გუნდმა 5:2 მოიგო.

ბოლო ტურში უკრაინა იტალიაა, რომლებსაც 13-13 ქულა აქვთ, მაგრამ თანაბარ ქულებზე ევროპის ჩემპიონატზე იტალია გავა. ისინი 20 ნოემბერს ერთმანეთს ხვდებიან და ეს ფინალია.

ინგლისი - მალტა 2:0 (1:0)

გოლები: 1:0 პეპე (8. საკ.კარში), 2:0 კეინი (75)

იტალია - ჩრდ. მაკედონია 5:2 (3:0)

გოლები: 1:0 დარმიანი (17), 2:0 კიეზა (41), 3:0 კიეზა (45), 3:1 ატანასოვი (52), 3:2 ატანასოვი (74), 4:2 რასპადორი (81), 5:2 ელ შაარავი (90)

1. ინგლისი 7 6 1 0 21 3 18 19
2. იტალია 7 4 1 2 16 9 7 13
3. უკრაინა 7 4 1 2 11 8 3 13
4. ჩრდ. მაკედონია 7 2 1 4 9 19 -10 7
5. მალტა 8 0 0 8 2 20 -18 0

E ჯგუფი

ალბანეთის ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე გასვლა რომ მოახერხა, უკვე დავწერეთ, სამაგიეროდ, შანსი დაკარგა პოლონეთმა, რომელმაც შინ ჩეხეთს ვერ მოუგო.

ჩეხეთი მეორე ადგილისთვის მოლდოვასთან იბრძოლებს. ეს გუნდები ბოლო ტურში ხვდებიან ერთმანეთს და ვინაიდან ჩეხეთს 2 ქულით მეტი აქვს, პრაღაში ფრეც ეყოფა, მოლდოვას კი გამარჯვება. მოკლედ, ეს მატჩიც ფინალის ტოლფასია. მოლდოვას რომ ასეთი შანსი აქვს, უკვე საინტერესო ამბავია...

მოლდოვა - ალბანეთი 1:1 (0:1)

გოლები: 0:1 ციკალეში (25, პენ), 1:1 ბაბოგლო (87)

პოლონეთი - ჩეხეთი 1:1 (1:0)

გოლები: 1:0 პიოტროვსკი (38), 1:1 სოუჩეკი (49)

1. ალბანეთი 7 4 2 1 12 4 8 14.
2. ჩეხეთი 7 3 3 1 9 6 3 12
3. პოლონეთი 8 3 2 3 10 10 0 11
4. მოლდოვა 7 2 4 1 7 7 0 10
5. ფარერები 7 0 1 6 2 13 -11 1

H ჯგუფი

დანიის ნაკრებმა კონკურენტ სლოვენიას 2:1 მოუგო და მე-13 ნაკრები გახდა, რომელმაც ევროპის ჩემპიონატზე თამაშის უფლება მოიპოვა. სამაგიეროდ, სლოვენიას ბოლო ტურში მოუწევს ბრძოლა, რადგან ყაზახეთს მხოლოდ ქულით უსწრებს და შინ სწორედ კონკურენტს დაუხვდება. ფინალის ტოლფას კიდევ ერთ მატჩში სლოვენიას სამიდან ორი შედეგი აძლევს ხელს, ყაზახეთს - მხოლოდ მოგება.

ყაზახეთი - სან მარინო 3:1 (1:0)

გოლები: 1:0 ჩესნოკოვი (19), 2:0 ჩესნოკოვი (51), 2:1 ფრანჩოზი (60), 3:1 აიმბეტოვი (90)

ფინეთი - ჩრდ. ირლანდია 4:0 (1:0)

გოლები: 1:0 პოიანპალო (42), 2:0 ჰაკანსი (48), 3:0 პუკი (74), 4:0 ლოდი (88)

დანია - სლოვენია 2:1 (1:1)

გოლები: 1:0 მეჰლე (26), 1:1 იანზა (30), 2:1 დელანი (54)

1. დანია 9 7 1 1 19 8 11 22
2. სლოვენია 9 6 1 2 18 8 10 19
3. ყაზახეთი 9 6 0 3 15 10 5 18
4. ფინეთი 9 5 0 4 16 9 7 15
5. ჩრდ. ირლანდია 9 2 0 7 7 13 -6 6
6. სან მარინო 9 0 0 9 2 29 -27 0

ევრო 2024-ის საგზური მასპინძელი გერმანიის გარდა, უკვე მოიპოვეს პორტუგალიამ, საფრანგეთმა, ინგლისმა, ბელგიამ, ესპანეთმა, ავსტრიამ, შოტლანდიამ, თურქეთმა, უნგრეთმა, სლოვაკეთმა, ალბანეთმა და დანიამ.

0.127048