ქუთაისის ‘აიამ’ კაცნაკლულად მოთამაშე ‘ხვამლი’ მატჩის მიწურულს გატეხა, დაძაბულ მატჩში ბონუს-ქულით – 33:20 დაამარცხა და ლიდერთა შორის პოზიციები გაიმყარა.
დიდი 10-ის მე-8 ტურის პირველ შეხვედრას ქუთაისმა, „აია არენამ“ უმასპინძლა. თამაში ხელოვნურსაფარიან მოედანზე, წვიმის ფონზე დაიწყო. საწყის წუთებში მასპინძლები სათამაშო უპირატესობას დაეუფლნენ. ისინი მოლში დიმინირებდნენ და საბა ხონელიძემ მე-5 წუთზე თავისი და გუნდის პირველი ლელო გაიტანა.
მე-9 წუთზე მასპინძელთა მოლმა დაახლოებით 18 მეტრი იარა, რასაც ფორვარდების დარტყმები და რუსლან გიგაშვილის ლელო მოყვა. გიორგი ბაბუნაშვილმა ორივე გარდასახა. სტუმართა მდგომარეობა მე-15 წუთზე ლისალა ნასეგეს მაღალი ბოჭვისთვის გაძევებით (წითელი ბარათი) კიდევ უფრო დამძიმდა, თუმცა ამის შემდეგ მათ შეძლეს თამაშის გათანაბრება, მერე უპირატესობის მოპოვება, რასაც ჯერ ილია გაბისონიას სინიბინი და 30-ე წუთზე თორნიკე აქუბარდიას ძალისმიერი ლელო მოყვა. ნიკა ცინცაძემ გარდასახა და ტაიმი 14:7 დასრულდა.
მეორე ტაიმის დასაწყისში დაძაბულობამ პიკს უწია და მოედანზე გუნდური გაწევ-გამოწევა გაჩაღდა. შედეგად, 55-ე წუთზე ლუკა გელაშვილმა ყვითელი ბარათი მიიღო და ხვამლი 13 კაცის ამარა დარჩა. მიუხედავად ამისა თბილისელებმა ორიოდე წუთში შეძლეს შედეგიანი შეტევის ორგანიზება და ზურა ქობელაშვილმა გარდასახვით ჩამორჩენა შეამცირა.
დასკვნით მეოთხედში მატჩის საუკეთესო მოთამაშედ აღიარებულმა საბა ხონელიძემ აიწყვიტა. ის ჯერ ნიკა ღლონტის ფეხით შეცურებულ ბურთს შეყვა, რომელიც მცველებმა ვერ დაიმორჩილეს და ლელო გაიტანა, 72-ე წუთზე კი გიორგი ფრუიძის მიერ საკუთარი 22-დან დაწყებულ ხელდახელ შეტევას მიყვა და თავისი მესამე ლელო გაიტანა. ბაბუნაშვილმა გარდასახა – 26:13.
‘ხვამლმა’ გაიბრძოლა. ნიკა ღლონტის სინბინის შემდეგ საბა კურტანიძემ ლელო გაიტანა, ნიკა ცინცაძემ გარდასახა და სხვაობა 6 ქულამდე დავიდა.. მაგრამ გადამწყვეტ მომენტში გიორგი ფრუიძის გამოცდილებამ იჩინა თავი, მან ‘აიას’ მე-5 ლელო გაიტანა და საკუთარ გუნდს პრემიელური ქულაც დაუბრუნა – 33:20.
‘აიას’ 8 თამაშიდან 26 ქულა აქვს და მეორე ადგილზეა. ‘ხვამლი’ 19 ქულით მე-5 პოზიციაზე რჩება. ტურის დანარჩენი შეხვედრები ხვალ და ზეგ გაიმართება.
RUGBY.GE