ფეხბურთი

16:04 | 17.11.2023 | ნანახია [] - ჯერ

რამაზ სვანაძე: "ბიჭებმა იციან, რომ საგოლე მომენტების გამოყენებაზე ბევრი სამუშაო გვაქვს"

საქართველოს 21-წლამდე ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა რამაზ სვანაძემ ჩრდილოეთ მაკედონიასთან მატჩის (1:0) შემდეგ ისაუბრა. როგორც მან ეს უმნიშვნელოვანესი 3 ქულა იყო.

რამაზ სვანაძე: „უმნიშვნელოვანესი 3 ქულა მოვიპოვეთ, ეს დღეს ყველაზე მნიშვნელოვანი იყო. იმ პირობების გათვალისწინეთ, რომელშიც მოგვიწია თამაში, უმძიმესი თამაში გამოვიდა, გრუნტიც ძალიან მძიმე იყო, მაგრამ ამის ფონზე მაინც მოვიგეთ. გარდა ამისა, იყო მომენტებიც, როცა საკმაოდ მაღალი ხარისხი ვაჩვენეთ. ისევ პრობლემად რჩება მომენტების გამოუყენებლობა, ამაზე მქონდა ბიჭებთან საუბარი და იციან, რომ დამატებით ბევრი შრომა მოუწევთ, რომ იმ მომენტების ნახევარი მაინც გამოვიყენოთ, რომელსაც ვქმნით. თუმცა, კარგია, რომ დღეს გუნდის მენტალური მხარე ყველაზე კარგად გამოჩნდა. ისეთი სატურნირო მდგომარეობაა, რომ ჩვენი მოსაგები თამაშები აუცილებლად უნდა მოვიგოთ, რათა შესარჩევი ეტაპის ბოლომდე ბრძოლაში დავრჩეთ“.

საბა ხვადაგიანი: „რთული თამაში იყო, მაგრამ ბიჭებმა ყველაფერი გააკეთეს მოსაგებად და მადლობა მათ, ასევე სამწვრთნელო შტაბს“.

საბა მამაცაშვილი: „რთული მატჩი იყო, მაგრამ ვეცადეთ, რომ მოგვეგო და მოხარული ვარ, რომ გუნდს 3 ქულის მოპოვებაში დავეხმარე“.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები ჯგუფში 10 ქულით მეორე ადგილზეა, მომდევნო მატჩს კი, 26 მარტს სტუმრად გიბრალტართან ჩაატარებს.

0.120216