ფეხბურთი

22:59 | 16.11.2023 | ნანახია [] - ჯერ

ჩაკვე-კვარას შოუ საკმარისი არ გამოდგა: ფრე შოტლანდიასთან

საქართველოს ნაკრებს გიორგი ჩაკვეტაძისა და ხვიჩა კვარაცხელიას ბრწყინვალე თამაშით ძალიან ცოტა დააკლდა შოტლანდიის ნაკრების დასამარცხებლად. მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში გაშვებული გოლით ვილი სანიოლის გუნდი ბრიტანელებთან მხოლოდ ფრეს დასჯერდა - 2:2.

პირველ ტაიმში საქართველოს ნაკრებმა მეტოქეს აჯობა, მიუხედავად იმისა, რომ მეორე ნომრად თამაშობდა. შოტლანდია ბურთს და ტერიტორიას აკონტროლებდა, მაგრამ 45 წუთში ერთი რეალური მომენტიც ვერ შექმნა. სამაგიეროდ, საქართველო ძალიან კარგად გადადიოდა შეტევაში, რამაც შედეგიც გამოიღო.

მე-15 წუთზე ანგარიში გაიხსნა, რაც ბრწყინვალე კომბინაციის დამსახურებაა. გიორგი ჩაკვეტაძემ მოედნის შესანიშნავი ხედვა გამოავლინა, დიდებულად გააძვრინა ბურთი შოტლანდიელ მცველებში და ოთარ კაკაბაძეს ჩასაწოდებლად სივრცე გაუხსნა, რომელმაც ერთი შეხებით ჩააწოდა, იქ კი ხვიჩა კვარაცხელიამ დასწრებაზე იმოქმედა დიდებულად - 1:0. სხვათა შორის, ეს გოლი კვარაცხელიას და ჩაკვეტაძის მხრიდან პოზიციების გაცვლას მოჰყვა, რამაც შედეგი მალევე გამოიღო.

25-ე წუთზე ვილი სანიოლის გუნდს მეორეს გატანა შეეძლო. კვარას მაგარი პასით ლევან შენგელია დარჩა კარგ პოზიციაში და დაარტყა, თუმცა მეკარემ აჯობა. შეტევა გაგრძელდა, ამჯერად ჩაკვეტაძემ გააკეთა კიდევ ერთხელ შესანიშნავი პასი, მერე კაკაბაძემ ჩააწოდა და დასწრებაზე გიორგი მიქაუტაძემ ითამაშა, მაგრამ ბურთი მცველს მოხვდა და კარს მცირე მანძილით ასცდა. პირველი ტაიმი ასეც დასრულდა.

მეორე ტაიმის სტარტი საქართველოსთვის კარგი არ გამოვიდა, რადგან 49-ე წუთზე სკოტ მაკტომინეიმ ანგარიში გაათანაბრა. თუმცა, ამ გოლს არაფერი მოასწავებდა. სამაგიეროდ, საქართველოს ნაკრები გააქტიურდა და მალევე გაიტანა. გოლამდე კარგი მომენტი შენგელიას ჰქონდა, რომელმაც ჯარიმა დაარტყა, მაგრამ მეკარემ მეორე დუელიც მოუგო. ერთი წუთიც არ გავიდა და ჩაკვეტაძემ კიდევ ერთხელ(!) შესანიშნავი პასით მოძებნა კვარაცხელია, რომელიც ფლანგიდან საჯარიმოში (ჩვეულ სტილში) შეიჭრა და მეკარეს შორეულ კუთხეში გაუტანა - 2:1. ხვიჩა კვარაცხელიას საქართველოს ნაკრებში 14 გოლი დაუგროვდა (27 მატჩში), რითაც გადაასწრო თორნიკე ოქრიაშვილს და ვაკო ყაზაიშვილს, ხოლო წინ მხოლოდ სამი ფეხბურთელია (შოთა არველაძე 26, თემურ ქეცბაია 17 და ალექსანდრე იაშვილი 15).

სქოთებს ცოტა ხანში კარგი მომენტი ჰქონდათ, მაგრამ გიორგი მამარდაშვილმა შესანიშნავი დარტყმა მოიგერია. ბოლო წუთებმა შოტლანდიის დიდი უპირატესობით ჩაიარა, მართალია საგოლე მომენტების გარეშე, მაგრამ მაინც, თამაშს ეტყობოდა, რომ საქართველოს ნაკრები მხოლოდ გაძლებაზე იყო და კონტრზომები არ ჰქონდა. სქოთების გაუთავებელმა ზეწოლამ კი სტუმართათვის შედეგი გამოიღო, რადგან 92-ე წუთზე ლოურენს შენკლენმდა თავურით დარტყმით ანგარიში გაათანაბრა და ფრე 2:2.

ამრიგად, საქართველოს ნაკრებს ჯგუფში 7 მატჩში 8 ქულა აქვს მოპოვებული (2 მოგება, 2 ფრე, 3 წაგება) და თბილისში პირველად ვერ დაამარცხა შოტლანდია (მესამე ჯერზე).

ვილი სანიოლის გუნდი მომდევნო მატჩს, რომლითაც 2023 წელს და საკვალიფიკაციო ეტაპსაც დაასრულებს, 19 ნოემბერს, სტუმრად ესპანეთთან ჩაატარებს. მერე კი მარტი და ევრო 2024-ის პლეი-ოფია...

საქართველო - შოტლანდია 2:2 (1:0)

თბილისი, „დინამო არენა“

მაყურებელი: 44 595

საქართველო (3-4-2-1): მამარდაშვილი; კვირკველია, კაშია, ლოჩოშვილი (კალანდაძე 79); კაკაბაძე, ქოჩორაშვილი, კვეკვესკირი (მექვაბიშვილი 70), შენგელია (აზაროვი 72); ჩაკვეტაძე (დავითაშვილი 79), კვარაცხელია; მიქაუტაძე (ზივზივაძე 70)

მწვრთნელი: ვილი სანიოლი

შოტლანდია (4-3-3): კლარკი; პატერსონი (რელსტონი 79), პორტეუსი, მაკენა, ტეილორი (არმსტრონგი 79); გილმორი (მაკლინი 47), მაკგრეგორი, მაკტომინეი; მაკგინი, დაიკსი (შენკლენდი 85), კრისტე (ფერგიუსონი 47)

მწვრთნელი: სტივ კლარკი

გოლები: 1:0 კვარაცხელია (15), 1:1 მაკტომინეი (49), 2:1 კვარაცხელია (57), 2:2 შენკლენდი (90)

გაფრთხილება: კვირკველია (59), ქოჩორაშვილი (83), კვარაცხელია (90) - პატერსონი (8), კრისტი (37), არმსტრონგი (90)

სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 7 (5) – 16 (4) ბურთის ფლობა: 39%-61% კუთხურები: 4:4 თამაშგარე: 1:0

მსაჯი: ალეკსანდარ სტარევი (ჩრდ. მაკედონია)

0.126737