13:38 | 16.11.2023 | ნანახია [] - ჯერ

ბექემი მესის ხელმოწერაზე: „ეს არის ჩვენი საჩუქარი ამერიკისა და MLS-ისთვის. ასეთი მოთამაშეები შთააგონებენ“

მაიამის „ინტერის" თანამფლობელმა, დევიდ ბექემმა, არგენტინელი ფორვარდის ლიონელ მესის გუნდში გადასვლაზე ისაუბრა. მესი ცოტა ხნის წინათ „ინტერის" გასული სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა.

„ჯერ კიდევ ძნელი დასაჯერებელია, რომ ისეთი დიდი ფეხბურთელი, როგორიც მესია, მაიამის „ინტერის“ ფორმას ატარებს. ის შეიძლება იყოს მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი. მე, როგორც კლუბის თანამფლობელი, ძალიან ვამაყობ ამ ფაქტით.

დარწმუნებული ვარ, ლეოს აშშ-ში გადასვლა, არამარტო მაიამიში, ჩვენი საჩუქარია მთელი ამერიკისთვის და MLS-ისთვის. რადგან მისნაირი მოთამაშეები ცვლიან თამაშს. ასეთ დიდ მოთამაშეებს შეუძლიათ ახალი თაობის ფეხბურთელების შთაგონება. სწორედ ამიტომ გვინდოდა ლეო დაგვეპატიჟებინა ჩვენს გუნდში.

რა თქმა უნდა, გვინდა ვიყოთ ლიგის საუკეთესო გუნდი. მაგრამ მისი ხელმოწერის მთავარი მიზეზი ამერიკაში ფეხბურთელების მომავალი თაობის შთაგონება იყო. ეს ასპექტი ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია“, - ციტირებს ბექემს Goal.com.

მესი მაიამის „ინტერში“ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრისას გადავიდა. ფეხბურთელის კონტრაქტი კლუბთან 2025 წლის დეკემბრამდეა ძალაში. მიმდინარე სეზონში არგენტინელმა ამერიკულ კლუბში ყველა ტურნირზე 14 მატჩი ჩაატარა, რომელშიც 11 ბურთი გაიტანა და 5 საგოლე გადაცემა შეასრულა.

0.113309