საქართველოს ნაკრების თავდამსხმელმა გიორგი მიქაუტაძემ შოტლანდიასთან მატჩის წინ პრესკონფერენციაზე ისაუბრა. როგორც მან თქვა, რთული პერიოდი „მეცშიც“ ჰქონდა, რომელიც გადალახა და იმედი აქვს, რომ ახლა იმავეს „აიაქსშიც“ მოახერხებს.
„მოტივაცია ყოველთვის მაქვს, 100%-ით მზად ვარ თამაშისთვის. ყველაფერს ვაკეთებ, რომ გუნდს დავეხმარო. ვემზადებით შოტლანდიასთან მატჩისთვის ყველაფერს გავაკეთებთ, რომ კარგი შედეგი ვაჩვენოთ. როცა თამაშის შანსი მაქვს, ყველაფერს ვაკეთებ გუნდშიც, დამატებით ვვარჯიშობ, ჩემი ოჯახიც ჩემთანაა, რაც მეხმარება. ასეთი სიტუაცია მქონდა „მეცშიც“ და გამოვლილი მაქვს მსგავსი პერიოდი და იმედი მაქვს, რომ „აიაქსშიც“ გავლილი ამ სიტუაციას.
დიახ, ველაპარაკე მწვრთნელს და მითხრა, რომ ყველაფერი კარგად იქნებაო. „აიაქსში“ ახლა არ არის ისეთი სიტუაცია, როგორიც მინდა, მაგრამ ყველაფერს ვაკეთებ, რომ ყველაფერი შეიცვალოს. მხარდაჭერა ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია და ამისთვის მინდა მადლობა გადავუხადო გულშემატკივრებს, რომ სულ ჩემს უკან არიან და ჩემი იმედი აქვთ“, - თქვა მიქაუტაძემ.
შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრები 16 ნოემბერს, შოტლანდიას უმასპინძლებს (21:00 საათი), ხოლო სამ დღის შემდეგ ვალიადოლიდში, ესპანეთს ესტუმრება (23:45), რითაც საკვალიფიკაციო ეტაპზე გამოსვლას დაასრულებს, სადაც ამჟამად 7 ქულა აქვს მოპოვებული.