ფეხბურთი

17:25 | 15.11.2023 | ნანახია [] - ჯერ

ვილი სანიოლი: "მთავარი მიზანი მარტისთვის მომზადებაა, ფეხბურთელებმა იციან დავალებები"

საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა შოტლანდიასთან მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც ფრანგმა სპეციალისტმა აღნიშნა, ახლა ექსპერიმენტების დრო არ არის და მიზანი ევროპის ჩემპიონატის პლეი-ოფისთვის მომზადებაა.

„თამაშამდე მოლოდინის შექმნამ შესაძლოა იმედგაცრუება გამოიწვიოს. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი მატჩებია, განსაკუთრებით მარტისთვის მოსამზადებლად. ვიცით, რომ შოტლანდიასთან რთული თამაში გველოდება.

სექტემბრის საკმაოდ რთული მატჩების შემდეგ ოქტომბრის შეხვედრებმა საკმაოდ კარგად ჩაიარა. ახლა ფეხბურთელები კონცენტრირებული ხვალინდელ თამაშზე არიან და გარემო ძალიან დადებითია. რაც შეეხება დავითაშვილს, მივეცით არჩევანი ოჯახთან ყოფილიყო ან ნაკრებში დარჩენილიყო, მან კი მიიღო გადაწყვეტილება, რომ დარჩენილიყო ნაკრებთან და ეს თავიდან ბოლომდე მისი გადაწყვეტილებაა.

შეკრების წინ შეგვატყობინეს, რომ გაბრიელ სიგუას აქილევსი აწუხებდა, ამიტომ, არ არის შეკრებაზე, სხვა ყველა ფეხბურთელი ჯანმრთელია. შოტლანდია ძალიან კარგი გუნდია, ჩვენთვის ეს ორი მატჩი ძალიან მნიშვნელოვანია, როგორც მოსამზადებელი თამაშები მარტისთვის, შოტლანდიისთვის კი ევროპის ჩემპიონატისთვის. შესაბამისად, ვფიქრობ, რომ ძალიან კარგ თამაშს ვიხილავთ.

კვარაცხელიასთვის გასული სეზონი გამორჩეული იყო. ფეხბურთში რაც არ უნდა კარგად ჩაატარო სეზონი, მეორე სეზონში იგივე უნდა გაიმეორო. ახლა, არა მხოლოდ ხვიჩას, არამედ „ნაპოლისაც“ დაემართა ეს, რადგან გუნდი შარშანდელივით ვერ თამაშობს. თუმცა, კვარაცხელია ჩემი აზრით, კარგ შთაბეჭდილებას ტოვებს და ვფიქრობ, რომ ასეთ რთულ პერიოდში უფრო მეტს ისწავლის და ადრე თუ გვიან დაუბრუნდება იმ დონეს, რაც გასულ სეზონში აჩვენა. ასე რომ, ამ მხრივ ვერანაირ პრობლემას ვერ ვხედავ. ხვიჩა რა თქმა უნდა, გამორჩეული ფეხბურთელია ჩვენს გუნდში, მიქაუტაძემაც ნაკრებში ბოლო პერიოდში კარგად ითამაშა. განსაკუთრებით მიხარია გიორგი ჩაკვეტაძის პროგრესი, რაც იმ შრომის ნაყოფია, რომელიც მან გოლო პერიოდში გაწია და იმედი მაქვს, მუშაობას გააგრძელებს. ინგლისის ჩემპიონშიფი ძალიან რთული ჩემპიონატია კარგად სათამაშოდ, ჩაკვეტაძე ერთ-ერთი წამყვანი ფეხბურთელია ჩვენთვის და ყველა მწვრთნელს სურს, რომ მისი საუკეთესო ფეხბურთელები მოედანზე იყვნენ, მაგრამ ვიმეორებ, რომ ჩემთვის მთავარია სწორი ბალანსის შერჩევა.

ექსპერიმენტების დრო აღარ გვაქვს, ფეხბურთელებმა უკვე უნდა იცოდნენ მათი დავალებები და რას ველოდები მათგან. ჩვენი მიზანია სათანადოდ მოვემზადოთ მარტისთვის და დავალებები კარგად უნდა შევასრულოთ“, - თქვა სანიოლმა.

შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრები 16 ნოემბერს, შოტლანდიას უმასპინძლებს (21:00 საათი), ხოლო სამ დღის შემდეგ ვალიადოლიდში, ესპანეთს ესტუმრება (23:45), რითაც საკვალიფიკაციო ეტაპზე გამოსვლას დაასრულებს, სადაც ამჟამად 7 ქულა აქვს მოპოვებული.

0.110534