საქართველოს სუპერლიგის მოქმედი ჩემპიონი თსუ დღეს ფიბა ევროპის თასის ჯგუფურ ეტაპზე ბოლოსწინა ტურის მატჩს კვიპროსში გამართავს. ლექსო ლაფანაშვილის გაწვრთნილი გუნდი ნიქოზიაში თამაშის წინა დღეს, 14 ნოემბერს ჩავიდა და მეტოქე “კერავნოსის” კოსტას პაპაელინოსის სახელობის დარბაზში საღამოს ივარჯიშა.
“კერავნოსი” გახლავთ ერთადერთი გუნდის, რომელსაც ფიბა ევროპის მიმდინარე ტურნირზე გამარჯვება არ გააჩნია. კვიპროსის გუნდმა 25 თებერვალს თბილისში 60:63 წააგო და ეს გახლავთ თსუ-ს ერთადერთი გამარჯვებაც მიმდინარე ტურნირში. “კერავნოსის” დარბაზი ძალიან პატარაა და 500-ამდე მაყურებელს იტევს.
თსუ-ს ვარჯიში საღამოს 8 საათზე დაიწყო და საათნახევარს გასტანა. ლექსო ლაფანაშვილმა და მისმა ასისტენტებმა – ნიკოლოზ მსხალაიამ და დიმიტრი ჭელიძემ მოთამაშეები დიდას არ დატვირთეს. თსუ-ს ნიქოზიაში ჩასვლა შედარებით რთული მარშრუტით, ერევნამდე ავტობუსით და შემდეგ თვითმფრინავით მოუწია და კალათბურთელებს ძალების დახარჯვაზე მეტად აღდგენა ესაჭიროებოდათ.
ძირითადი დრო კომბინაციების გათამაშებასა და სროლებს დაეთმო. თსუ-ს სროლის და კერავნოსის დარბაზთან ადაპტაციის შესაძლებლობა თამაშის დღესაც ექნება, როცა დილის 11 საათზე მსუბუქად ივარჯიშებს. ლაფანაშვილის გუნდს კვლავ სოლიდური დანაკლისი აქვს. ვირუსი შეეყარა და გუნდს კვიპროსში ვერ გაჰყვა ძირითადი ცენტრი გიორგი ტურძილაძე. სამაგიეროდ თსუ-ს დაუბრუნდა ამერიკელი გამთამაშებელი ტაირი ბოიკინი, რომელმაც საზარდულის ტრავმის გამო ფიბა ევროპის წინა 2 შეხვედრა გამოტოვა.
კერავნოსისა და თსუ-ს მატჩი ადგილობრივი დროით 19:30 საათზე დაიწყება და მისი ტრანსლაცია ფიბა-ს Youtube-არხზე განხორციელდება.
GBF.GE