ფეხბურთი

15:53 | 14.11.2023 | ნანახია [] - ჯერ

სიომინი: „სასიამოვნოა, რომ კვარაცხელიას აგენტმა აღნიშნა ჩემი ნამუშევარი მოთამაშის განვითარებაში"

„ლოკომოტივის“ ყოფილი მთავარი მწვრთნელი, იური სიომინი, „სპორტ-ექსპრესისთვის“ მიცემულ კომენტარში „ნაპოლის“ ნახევარმცველის, ხვიჩა კვარაცხელიას აგენტის, ნუკრი რევიშვილის სიტყვებს გამოეხმაურა, რომელმაც ფეხბურთელის განვითარებაში სპეციალისტის წვლილი აღნიშნა.

რევიშვილის თქმით, კვარაცხელია სიომინმა აღმოაჩინა და არა ლეონიდ სლუცკიმ, რომელიც მოგვიანებით „რუბინში" ნახევარმცველთან ერთად მუშაობდა.

„სასიამოვნოა, რომ აგენტმა აღიარა ჩემი წვლილი მოთამაშის განვითარებაში. სასიამოვნოა ამის მოსმენა. ასევე აუცილებლად აღვნიშნავ სელექციონერს, რომელიც მუშაობდა „ლოკომოტივში,“ ვიქტორ ტიშჩენკოს. მან არაერთხელ უყურა კვარაცხელიას მატჩებს და კლუბის ხელმძღვანელობას ურჩია იგი გუნდში აეყვანათ“, - დასძენს სიომინი.

კვარაცხელია „ლოკომოტივში“ 2019 წლის თებერვალში გადავიდა იჯარით „რუსთავიდან,’ 2018/19 წლების სეზონის ბოლომდე. „რკინიგზელთა“ შემადგენლობაში მან 10 მატჩი ჩაატარა და 1 გოლი გაიტანა. კლუბთან ერთად ხვიჩამ რუსეთის თასი და ეროვნულ ჩემპიონატზე ვერცხლის მედლები მოიპოვა.

2019 წლის ზაფხულში კვარაცხელიამ „რუბინთან" გააფორმა კონტრაქტი, რომელშიც 2022 წლის მარტამდე ითამაშა. ყაზანურ კლუბში მან 73 მატჩი ჩაატარა, 7 ბურთი გაიტანა და 18 საგოლე გადაცემა შეასრულა.

ქართველი „ნაპოლის“ ფეხბურთელი 2022 წლის ივლისში გახდა. მისი კონტრაქტი 2027 წლის ზაფხულამდეა ძალაში. იტალიურ კლუბში მან 58 მატჩი ჩაატარა, 17 ბურთი გაიტანა და 22 საგოლე გადაცემა შეასრულა. „ნაპოლისთან“ ერთად ხვიჩა იტალიის 2022/23 წლების ჩემპიონი გახდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.118117