ფეხბურთი

21:58 | 13.11.2023 | ნანახია [] - ჯერ

გარსიას გათავისუფლება გადაწყვეტილია: "ნაპოლი" ახალ მწვრთნელთან კონტრაქტს აფორმებს

„ნაპოლის“ სულ მალე ახალი მწვრთნელი ეყოლება, თუ რაიმე გაუთვალისწინებელი არ მოხდა. იტალიური მედიის ცნობით, რუდი გარსიას გათავისუფლება გადაწყვეტილია და მხოლოდ ოფიციალური განცხადება აკლია.

გარსიამ ნეაპოლი დატოვა კიდეც და ნიცაში დაბრუნდა, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ გუნდს ოთხშაბათამდე შვებულება აქვს. მეორე მხრივ, ფრანგის ნეაპოლში დაბრუნებას არ ელოდებიან.

აურელიო დე ლაურენტისმა, როგორც ჩანს, არჩევანი იგორ ტუდორზე გააკეთა. „ნაპოლის“ მეპატრონე 45 წლის სპეციალისტს რომში შეხვდა და პირადად ესაუბრა. ჟურნალისტი, ნიკოლო სკირა წერს, რომ ამ შეხვედრამ დადებითად ჩაიარა და ორივე მხარის ადვოკატები ამჟამად კონტრაქტის გაფორმებაზე მუშაობენ.

თავის მხრივ, იტალიურ მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ ტუდორმა დე ლაურენტისს 18-თვიანი კონტრაქტი და 3 მილიონი ევრო მოსთხოვა, ხოლო „ნაპოლის“ პრეზიდენტს სეზონის ბოლომდე კონტრაქტი და 1 წლით გახანგრძლივების ვარიანტი სურს.

იგორ ტუდორი სამწვრთნელო კარიერაში „ჰაიდუკს“, პაოკ-ს, „კარაბუკსპორს“, "გალათასარაის", „უდინეზეს“, „ვერონას“ და „მარსელს“ წვრთნიდა, „იუვენტუსში“ კი ასისტენტად მუშაობდა. ის უმეტესად, 3-მცველიან სქემას იყენებს, მაგრამ არაა გამორიცხული ისევ 4-3-3 სქემით ითამაშოს.

იგორ ტუდორის „ნაპოლიში“ დანიშვნას უახლოეს საათებში ვარაუდობენ...

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111912