რაგბი

14:33 | 13.11.2023 | ნანახია [] - ჯერ

პირველი ლიგა | მესხებმა ლიდერობა შეინარჩუნეს

პირველი ლიგის მე-7 ტური არასრული და სკანდალური გამოდგა. „აია არენაზე“, ‘ბაგრატი’-‘დინოზავრის’ იმერული დერბი მეორე ტაიმის შუაწელს შეწყდა და აღარ განახლებულა. მატჩი უაღრესად ნერვულ ატმოსფეროში წარიმართა. მხარეთა შორის რამდენიმე წაკინკლავებას ბარათების უხვად ჩვენებაც დაერთო. შეხვედრის მთავარმა არბიტრმა ლევან ბიბიჩაძემ ‘ბაგრატს’ 3 მორაგბე გაუსინბინა, წყალტუბოელები კი 2-გზის „გააყვითლა“.

აღნიშნული დაძაბულობის კულმინაციად 67-ე წუთი იქცა, როდესაც რეფერიმ რიონისპირელთა მოთამაშეს წითელი ბარათი უჩვენა. იმის მიუხედავად, რომ ‘ბაგრატი’ შეხვედრას 11-ქულიანი სხვაობით იგებდა (23:12), მასპინძელთა აქტიურმა პროტესტმა მოედანზე ვითარება უკიდურესად დაძაბა. ბიბიჩაძემ მატჩის შეწყვეტის შესახებ მიიღო გადაწყვეტილება და მომხადრ ინციდენტს სრკ-ს ტრიბუნალი უახლოესს დღეებში განიხილავს.

მე-7 ტურის შემდეგ დაუმარცხებელი მხოლოდ ლიდერი ‘ტაო’ რჩება, აუტსაიდერი ჭიათურას ‘მათე’ კი მონაწილეთა შორის კვლავ ერთადერთი მოუგებელი გუნდია. მესხებმა პირველობის 7-ივე შეხვედრა მოიგეს, 30 ქულა დააგროვეს და მეორე ადგილზე ანაცვლებულ ‘გორს’ 3 ქულით უსწრებენ. წყალტუბოს ‘დინოზავრმა’ 24 ქულით მესამე ადგილზე ჩაინაცვლა და მდევარ ‘არმიას’ 5 ქულით უსწრებს.

მიჯრით მეორე მოგებამ ‘ლოკომოტივი’ 16 ქულით მე-5 პოზიციაზე განათავსა. მეექვსე ადგილზე მყოფ ‘იუნკერებს’ მდევარი ‘ვეფხვები’ 1 ქულით ჩამორჩება. მერვე პოზიციაზე ჩანაცვლებული ‘ბაგრატი’ ასევე 1 ქულით უსწრებს ‘არმაზსს’. თავის მხრივ ქვემო ქართელები აუტსაიდერ ‘მათესაც’ 1 ქულით აღემატებიან.

ტურის გამორჩეული შეხვედრა სამცხე-ჯავახათში გაიმართა. პირველობის ლიდერი ‘ტაო’ მოწინავე კვარტეტში მყოფ ‘არმიას’ ასპინძაში დაუხვდა და ორმხრივი უხვი ტექნიკური წუნის მიუხედავად, ქომაგმა კარგად საცქერი და შედეგიანი თამაში იხილა. პირველ ტაიმში მეტოქეებმა თითო ლელო გაიტანეს. მესხების მხრიდან თავი ბურჯმა ლუკა ახვლედიანმა გამოიჩინა, „არმიელთა“ მხრიდან კი ფრთა საბა დათიაშვილი გამოირჩა. ‘არმიას’ აფრიკელი ფულბეკის მერლს პეტერსის გატანილმა სამმა ჯარიმამ სტუმრებს ტაიმი მინიმალური სხვაობით მოაგებინა.

მეორე ტაიმის დებიუტში, ‘ტაოს’ მგეზავ ლუკა ზუხბაიას გატანილ ჯარიმას, საბა დათიაშვილმა გარდასახული ლელო შეაგება და „ლეონსიოს“ ბიჭებმა ანგარიშში სხვაობა 8 ქულამდე გაზარდეს. მატჩის დასკვნითი ნაწილი კი მესხთა უპირატესობით წარიმართა. მასპინძლებმა ჯერ ფიჯელი მხტომელის ნასოკიტაბუას გარდასახული ლელოთი ჩამორჩენა კვლავ მინიმუმამდე შეამცირეს, ბოლო წუთებზე კი ზუხბაიას გატანილი წყვილი ჯარიმით „არმიელები“ ნუგეშს დააჯერეს – 29:24.

ჭალის დასახლებაში, ადგილობრივ ‘გორს’ პირველობის აუტსაიდერმა ჭიათურას ‘მათემ’ ჯეროვანი წინააღმდეგობა მხოლოდ პირველ ტაიმში გაუწია. მოუგებლად მყოფმა იმერლებმა პირველ ნახევარში 3 ლელო გაიტანეს და ანგარიშში ბოლოჯერ ფიჯელი მღლეტელის ლალაბალავუს ლელოთი დაწინაურდნენ, თუმცა შიდა ქართლელებმა მატჩში გარდატეხა ჯერ კიდევ შესვენებამდე მოახერხეს და 5 ქულიანი სხვაობით დაწინაურდნენ.

მეორე ტაიმი კი სრულად მასპინძელთა კარნახით წარიმართა. გორელებმა მთლიანობაში 6 ლელო გაიტანეს, ‘მათეს’ კი მეორე ნახევარში სამატჩო ქულების აღების შესაძლებლობა არ მისცეს. მატჩის დასკვნით მონაკვეთში კი მასპინძელთა ფიჯელი მარბიელის ტოკაიმბაის დადებულმა წყვილმა ლელომ ‘გორს’ შეხვედრა პრემიალური ქულით მოაგებინა – 45:19. გორელთა ფულბეკმა დავით მთვარაძემ 6-ივე გარდასახვა გამოიყენა და 1 ჯარიმაც ზუსტად შეასრულა.

ვაზისუბანში, მარნეულის ‘არმაზისა’ და ‘ლოკომოტივის’ შეხვედრის ტაიმნახევარი დაძაბული ბრძოლითა და მეტოქეთა გარდამავალი უპირატესობით აღინიშნა. პირველ ტაიმში უკეთ „რკინიგზელები“ გამოიყურებოდნენ. დავით ჩავლეიშვილის ბიჭებმა ქვემო ქართლელთა შუამარბ ოთარ მეტრეველის გატანილ ჯარიმას, კვაჭ ვაჟა რუაძისა და ბურჯ ლუკა გელაძის დადებული ლელოები დაუპირისპირეს და შესვენებაზე 9 ქულიანი უპირატესობით წავიდნენ.

მეორე ტაიმის დებიუტში ‘არმაზი’ გააქტიურდა და მარქაფადან ჩართული კვაჭის გიორგი დანელიასა და ფულბეკ გიორგი ნავროზაშვილის ლელოთა წყალობით მინიმალური სხვაობით დაწინაურდა კიდეც. მატჩის დასკვნით მონაკვეთში კი ქვეყნის 10-გზის ჩემპიონმა უპირატესობა დაიბრუნა და დარჩენილ დროში 12 უპასუხო ქულაც აიღო. ‘ლოკომოტივის’ მარბიელ რამაზ ბენდელიანის შესრულებული დუბლით“ „რკინიგზელებმა“ შეხვედრა პრემიალური ქულის თანხლებით მოიგეს – 29:18. ‘ლოკომოტივის’ მოქმედი კაპიტანის წყვილ ლელოთა შუა, ლელოს გატანა გუნდის ყოფილმა კაპიტანმა, ვეტერანმა შუამარაბმა ვახტანგ კავთიძემაც მოახერხა.

პატარძეულმის ‘ვეფხვებმა’ საშინაო შეხვედრა თეთრი წყაროს ‘იუნკერებთან’ ვაზისუბანში გამართა. გარე კახელები უპირატესობას პირველივე წუთებიდან ფლობდნენ, რაც შუამარბ ბექა სამსიანისა და ფულბეკ ლაშა გურგენიძის დადებულ უპასუხო ლელოებში აისახა. გურგენიძემ ზუსტ გარდასახვას, გატანილი ჯარიმაც დაურთო და შესვენების წინ საკუთარ გუნდს 15 ქულით დააწინაურა.

მეორე ნახევარში გარე კახელებმა უპირატესობა გააღრმავეს, გარისელთა 2 გარდასახულ ლელოს (ფრთა გიორგი ვაშაძე და მღლეტელი ავთო ნიკოლაძე), საკუთრივ 4 დადებული ლელო დაუპირისპირეს და პრემიალური ქულაც გამოიმუშავეს. მატჩის ბოლო ლელოს ავტორმა, ‘ვეფხვების’ ფრთა შოთა შალვაშვილმა „დუბლი“ შეასრულა – 46:14.

RUGBY.GE

0.121103