ფეხბურთი

1:59 | 12.11.2023 | ნანახია [] - ჯერ

"ვალენსია" "რეალთან" დიდი ანგარიშით დამარცხდა

ლა ლიგის მე-13 ტურში „ვალენსია“ მადრიდში „რეალს“ ესტუმრა და 1:5 განადგურდა, რის შედეგადაც 4-მატჩიანი წაუგებელი სერია შეუწყდა.

სამწუხაროდ, გიორგი მამარდაშვილს არ ჰქონდა კარგი თამაში. 5-დან ორ გოლში მას უკეთ მოქმედებაც შეეძლო, მესამე გოლის მომენტში კი ყველაფერი მისი არაზუსტი პასით დაიწყო. ქართველმა მეკარემ ორი სეივი მიითვალა.

„რეალი“ მესამე წუთზე დანი კარვახალმა დააწინაურა, რასაც ტაიმის ბოლოს ვინისიუს ჟუნიორის გოლიც მოჰყვა. „ღამურებს“ პირველ ნახევარში ძალიან კარგი მომენტები ჰქონდათ, რომელიც ვერ გამოიყენეს, მეორე ტაიმის სტარტი კი რუბენ ბარახას გუნდისთვის კოშმარული გამოდგა, როცა ერთწუთიან ინტერვალში ორი გოლი გაუშვა - ვინისიუსისა და როდრიგოსგან. მატჩის ბოლოს როდრიგომ დუბლი შეასრულა და ერთადერთი, რაც სტუმრებმა შეძლეს, უგო დუროს პრესტიჟის გოლი იყო.

პირველ ტაიმში მამარდაშვილმა დაზიანებაც მიიღო და სამედიცინო შტაბის დახმარება დასჭირდა, თუმცა შეცვლა საჭირო არ გახდა და 90 წუთი ითამაშა. გიორგიმ ესპანურ კარიერაში ერთ მატჩში 5 გოლი პირველად გაუშვა.

„ვალენსია“ 13 ტურის შემდეგ 18 ქულით მეცხრე ადგილზეა, მომდევნო ტურში კი 25 ნოემბერს, ვიგოს „სელტას“ უმასპინძლებს.

მადრიდის „რეალს“ 32 ქულა აქვს და მეორე ადგილზეა, ხოლო ლიდერი ისევ „ჟირონაა“, რომელმაც კვლავ მოიგო, ამჯერად სტუმრად „რაიო ვალეკანოსთან“ და 34 ქულით პირველია („რეალს“ 2 ქულით უსწრებს).

„რეალი“ – „ვალენსია“ 5:1 (2:0)

გოლები: 1:0 კარვახალი (3), 2:0 ვინისიუსი (42), 3:0 ვინისიუსი (49), 4:0 როდრიგო (50), 5:0 როდრიგო (84), 5:1 უგო დურო (88)

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112205