‘შავი ლომის’ სამწვრთნელო შტაბმა 2023 წლის რაგბი ევროპის სუპერ თასის მეორე შეხვედრისთვის 23-კაციანი შემადგენლობა დაასახელა.
2022 წლის მაისის ფინალისტები ერთმანეთს 11 ნოემბერს, საქართველოს დროით 20 საათზე ლისაბონში, „ჟამორ სტედიუმზე“ ერკინებიან. ‘შავი ლომი’ პორტუგალიის ნაკრების საბაზო გუნდ ‘ლუზიტანუშს’ ერთადერთხელ, სუპერ თასის პირველი გათამაშების ფინალში შეხვდა და ლისაბონში 17:14 გამარჯვებით, ტიტულს პირველად დაეუფლა, დეკემბერში კი ‘ჰითის’ ძლევით ის მეორედ მოიპოვა.
სუპერ თასის მესამე გათამაშება ჩემპიონმა გამარჯვებით დაიწყო. ‘შავმა ლომმა’ „ავჭალაზე“ ესპანური ‘იბერიანსი’ მიიღო და ბონუსით, 39:19 დაამარცხა. თავის მხრივ, ‘ლუზიტანუშმა’ ‘ჰითს’ უმასპინძლა და 23:31 დამარცხდა.
4 ნოემბრის მატჩის შემდეგ ჩვენ გუნდის სასტარტო შემადგენლობაში ორი ცვლილებაა. ფრთაზე სანდრო თოდუას ნაცვლად თამაშს ოთარ ლაშხი იწყებს, რომელიც მარქაფიდან დაწინაურდა. ერთი კვირის წინ მარქაფაში იყო და ამჯერად ძირითადშია კვაჭი ირაკლი ქვათაძე, ბექა მამრიკიშვილმა კი მარქაფაში გადაინაცვლა.
ზედიზედ მეორე თამაშს იწყებენ ძირითადში დათო აბდუშელიშვილი, ნიკა ხატიაშვილი, გრიგორ ქერდიყოშვილი, მიხეილ ბაბუნაშვილი, ლუკა ივანიშვილი, სანდრო მამამთავრიშვილი, ილია სპანდერაშვილი, თენგიზ პერანიძე, ლუკა მატკავა, მერაბ შარიქაძე, გიორგი კვესელაძე, აკაკი ტაბუცაძე და ლუკა ცირეკიძე.
მარქაფაში ორი ისეთი მოთამაშეა, რომელთაც ‘იბერიანსის’ წინააღმდეგ არ უთამაშიათ. მათგან ერთი დებიუტანტია – შალვა აფციაური, რომელმაც ზაფხულში უმცროსი ბორჯღალოსნების (20-წლამდე) შემადგენლობაში თამაშით დაგვამახსოვრა თავი. ასევე მარქაფაშია თორნიკე კახოიძე, რომელიც მიმდინარე სეზონში ‘შავი ლომის’ კვართით პირველად ითამაშებს.
მარქაფაში ადგილი შეინარჩუნეს მიხეილ ნარიაშვილმა, ბაჩუკი ჭუმბაძემ, დემურ ეფრემიძემ, გიორგი კერვალიშვილმა და გიორგი მარგალიტაძემ.
რაგბი ევროპის სუპერ თასი 2023 ა ჯგუფი. II ტური. 20:00 საქ. დრო 11 ნოემბერი. ლისაბონი (პორტუგალია) ლუზიტანუში (პორტუგალია) – შავი ლომი (საქართველო) შავი ლომი
ხაზი: 15. ლუკა ცირეკიძე, 14. აკაკი ტაბუცაძე, 13. გიორგი კვესელაძე, 12. მერაბ შარიქაძე (კაპ.), 11. ოთარ ლაშხი, 10. ლუკა მატკავა, 9. თენგიზ პერანიძე;
შერკინება: 1. დათო აბდუშელიშვილი, 2. ირაკლი ქვათაძე, 3. ნიკა ხატიაშვილი, 4. გრიგორ ქერდიყოშვილი, 5. მიხეილ ბაბუნაშვილი, 6. ლუკა ივანიშვილი, 7. სანდრო მამამთავრიშვილი, 8. ილია სპანდერაშვილი.
მარქაფა: 16. ბექა მამრიკიშვილი, 17. მიხეილ ნარიაშვილი, 18. ბაჩუკი ჭუმბაძე, 19. დემურ ეფრემიძე, 20. გიორგი კერვალიშვილი; 21. გიორგი მარგალიტაძე, 22. თორნიკე კახოიძე, 23. შალვა აფციაური.
RUGBY.GE