კალათბურთი

21:52 | 8.11.2023 | ნანახია [] - ჯერ

ანდრონიკაშვილის ბრწყინვალე თამაში საკმარისი არ გამოდგა: თსუ ბოლო წამზე დამარცხდა

თსუ-მ ფიბა ევროპის თასზე გერმანულ „გიოტინგენთან“ სტუმრად ბოლო წამებზე წააგო და დღეს, თბილისში, მეოთხე ტურის მატჩშიც იგივე სცენარი გამეორდა - მარცხი ისევ ბოლო წამზე...

ლექსო ლაფანაშვილის გუნდს გერმანულ გუნდთან გაუჭირდა, სამი პერიოდი წააგო და ბოლო მეოთხედის წინ 10 ქულას აგებდა. თუმცა, დასკვნით ათწუთეულში ქართულმა გუნდმა შესანიშნავად ითამაშა, ჩამორჩენა აღმოფხვრა და მატჩის დასრულებამდე 19 წამით ადრე გიორგი ტურძილაძის ორქულიანით წინაც გავიდა - 85:84...

საჭირო იყო ბოლო შეტევაში თავის დაცვა, რაც თსუ-მ ვერ მოახერხა, რადგან საფინალო სირენამდე 2 წამიღა რჩებოდა, როცა მეტოქემ ორი ქულა მიითვალა და ამის ხარჯზე შეხვედრაც მოიგო - 85:86. აღსანიშნავია, რომ დარჩენილ ორ წამში საკუთარი ნახევრიდან სამქულიანი ისროლა რატი ანდრონიკაშვილმა და ცოტა დააკლდა სასწაულამდე...

ზოგადად, ანდრონიკაშვილს დიდებული თამაში ჰქონდა, რომელმაც 35 წუთში 31 ქულა, 6 მოხსნა და 4 პასი მიითვალა. რატის შეჩერებად გერმანელები განსაკუთრებით ბოლო მეოთხედში ვერ ახერხებდნენ. 17 ქულა და 6 მოხსნა მიითალა კახა ჯინჭარაძემ, 14 ქულა გიორგი ტურძილაძემ, ხოლო ალექსანდრე ფევაძემ გუნდს 10 ქულა და 7 მოხსნა შესძინა.

გერმანელთა რიგებში გრანტ ანტიჩევიჩი (14 ქულა, 9 მოხსნა), დეონდრე ბარნსი (17 ქულა, 7 მოხსნა), ზახ ენსმინგერი (16 ქულა) და კარლის სილინსი (16 ქულა) გამოირჩნენ.

თსუ-ს ოთხ ტურში 1 მოგება და 3 წაგება აქვს, რითაც ჯგუფში მესამე ადგილზეა, მომდევნო ტურში კი 15 ნოემბერს, „კერავნოსს“ ესტუმრება.

თსუ - „გიოტინგენი“ 85:86 (14:18, 23:25, 18:22, 30:21)

სტატისტიკა სრულად...

0.129322