ფეხბურთი

10:23 | 8.11.2023 | ნანახია [] - ჯერ

ქოჩორაშვილი: "არასდროს არავისი და არაფრის მეშინოდა, კონკურენცია განვითარებაში მეხმარება"

„ლევანტეს“ და საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა გიორგი ქოჩორაშვილმა ესპანურ რადიო Cope-ს ინტერვიუ მისცა, რომელშიც ბევრ თემაზე ისაუბრა. უფრო მეტად კი კლუბსა და საკუთარ პროგრესზე. მან საუბარი „ლევანტეს“ ფანების წინაშე გატანილ პირველ გოლზე დაიწყო.

„როცა სარეზერვო გუნდში ვიყავი, პანდემიის დროს პირველ დივიზიონში მიწევდა თამაში და გულშემატკივართა მხარდაჭერა არ მიგრძნია. ვიცოდი, როგორ ადგილას მივდიოდი (კასტალია) და როგორ გულშემატკივრებთან ვაპირებდი თამაშს, მაგრამ რაც შემდეგ მოხდა, არ ველოდი. ეს იყო გარდამტეხი მომენტი. თავი ფეხბურთელად ვიგრძენი.

როცა 2019 წელს გუნდში მოვედი, მას მერე ბევრჯერ მიფიქრია, „ლევანტეს“ ფანების წინაშე გოლს ვზეიმობდი. ახლა ეს რეალურად ხდება და ძალიან ბედნიერი ვარ. როცა ყველაფერი კარგად არ მიდიოდა, სარეზერვო გუნდში ტრავმებიც მქონდა, ამ გრძნობას კარგავ. მაგრამ „ლევანტესა“ და „კასტელონის“ ნდობით ახლა ისევ სიამოვნებას ვიღებ.

ჩემი იდეალური პოზიცია? მომწონს ბურთით თამაში. ბურთის გარეშე შემიძლია, მაგრამ ჩემი თამაშის სტილი ბავშვობიდან ბურთთანაა დაკავშირებული. საქართველოში 6 ნომერზე დავიწყე, მაგრამ ეტაპობრივად მიცვლიდნენ პოზიციას და სხვა პოზიციებზე თამაშიც ვისწავლე. მინდა ვიყო მოთამაშე, რომელიც დომინირებს მოედანზე როგორც შეტევაში, ასევე დაცვაში, რომელსაც შეუძლია ითამაშოს და წვლილი შეიტანოს იქ, სადაც გუნდს სჭირდება, იქნება ეს დაცვაში თუ შეტევაში. ამიტომ ვცდილობ ყოველდღე მოვუმატო. თუ არჩევა მომიწევს, იდეალური პოზიციაა 8 ნომერია, რადგან მაშინ შეგიძლია ყველგან იყო.

კონკურენცია? ყველა მოთამაშე იტყვის, რომ იმსახურებენ თამაშს და ყოველ წუთს უნდათ თამაში. მომწონს, როცა ჩემს პოზიციაზე ორი ან სამი ძალიან მაღალი დონის მოთამაშეა, რადგან ეს მეხმარება. სამი ან ოთხი თამაში, რომელსაც არ თამაშობ, არ ნიშნავს, რომ არ ვარჯიშობ. მუდმივად ამაღლებ დონეს და იზრდები, როგორც მოთამაშე, ეჯიბრებით კონკურენტებს. კარგი გაგებით, არასოდეს არავის მეშინოდა. ვიცი, რომ შეიძლება ახლა არა, მაგრამ ხვალ ვარჯიში და მუშაობა შედეგს გამოიღებს და ყველაფერი კარგად იქნება. გავაგრძელებ შრომას და არ აქვს მნიშვნელობა რამდენი წუთი მაქვს სათამაშოდ, რადგან ყოველდღიური სწავლა ბევრს გაძლევს. მოედანზე ვეცდები ყველაფერი გავიღო და ყოველთვის მზად ვიქნები იმისთვის, რაც გუნდს სჭირდება.

წარუმატებელი? არის რაღაცები, რაც უნდა დაივიწყო, მაგრამ უნდა ისწავლო. ვიცით რა შეცდომები დავუშვით და რა არ უნდა გავიმეოროთ. მაქსიმალურად უნდა ვიმუშაოთ, რათა მოვემზადოთ „ლეგანესთან“ მატჩისთვის, რათა ჩვენი საუკეთესო ვერსია წარმოვაჩინოთ. ბევრი ტრავმირებული გვყავს, მაგრამ შეგვიძლია კარგად ვითამაშოთ „ლეგანესის“ წინააღმდეგ.

ჯარიმით გოლი? თამაშების წინა დღეს ჩვენ ყოველთვის ვვარჯიშობთ. პაბლოც, დელაც და კანტეროც ძალიან კარგად ურტყამენ. ამ ორი-სამი წლის განმავლობაში ბევრს ვმუშაობდი, ყოველდღე ვვარჯიშობდი და მაქვს ეს თავდაჯერებულობა. ჯარიმა დაინიშნა და პაბლოს ვუთხარი, რომ ძალიან თავდაჯერებული ვიყავი და დარტყმას ვაპირებდი. ვინც თავს ყველაზე თავდაჯერებულად გრძნობს, შეუძლია მან შეასრულოს, რადგან ჩვენ ყველანი კარგი დამრტყმელები ვართ და ეს ფუფუნებაა, რომლითაც უნდა ვისარგებლოთ.

მამარდაშვილი? როცა დრო გვაქვს, ვცდილობთ ერთად ვიყოთ. ბევრჯერ არ ემთხვევა ჩვენი თავისუფალი დრო, მაგრამ ნაკრებში დაახლოებით ათი დღე ერთად ვართ. სულ მალე გვაქვს სანაკრებო მატჩები და გვინდა კარგად ვითამაშოთ და გავიმარჯვოთ.

საქართველოში ფანების კუმირი ვარ? არა, ასეთი კვარაცხელიაა, რომელიც ყველას უყვარს და მსოფლიო დონის ვარსკვლავია. მე ვარ და ვიქნები თავმდაბალი მოთამაშე. ყველაფერს გავაკეთებ, რომ მაღალ დონეზე ვითამაშო. კასტალიაში უფრო მეტ სიყვარულს ვგრძნობ, ვიდრე საქართველოში. მეგობრები ჩამოვიდნენ ჩემს სანახავად, წავიყვანე „სიუტატსა“ და კასტალიაში. იქ გამაჩერეს ფოტოების გადასაღებად და იმდენად დიდი სიყვარული გამოიჩინეს, რომ ჩემმა მეგობრებმა მითხრეს, რომ ასე მათ არ ვუყვარვარ (იღიმის - რედ)“, - თქვა ქოჩორაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ 24 წლის ქართველმა ფეხბურთელმა ლა ლიგა 2-ის მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 11 მატჩში 2 გოლი გაიტანა. „ლევანტე“ 24 ქულით მეექვსე ადგილზეა და მომდევნო ტურში 10 ნოემბერს, სტუმრად „ლეგანესს“ შეხვდება.

0.132718