ამსტერდამის „აიაქსის“ და საქართველოს ნაკრების თავდამსხმელის, გიორგი მიქაუტაძის „მეცში“ დაბრუნება, როგორც ჩანს, სულ უფრო აქტუალური ხდება.
ფრანგი ჟურნალისტი მოჰამედ ტუბაშერი იტყობინება, რომ ფრანგული კლუბი ამ შესაძლებლობას განიხილავს და სიტუაციას აკვირდება. „მეცის“ პრეზიდენტმა, ბერნარ სერინმაც გუშინ არ გამორიცხა იანვარში გიორგის დაბრუნება, მაგრამ ისიც თქვა, რომ ყველაფერი „აიაქსზე“ იქნება დამოკიდებული.
მიქაუტაძე „აიაქსში“ მესამე თავდამსხმელად განიხილება: ბრაინ ბრობის დიდი ნდობა აქვს, ხოლო მისი პირველი ალტერნატივა ჩუბა აკპომია, რომელმაც ბოლო ორ მატჩში 3 გოლი გაიტანა, რითაც მწვრთნელი თავის შესაძლებლობაში უკვე დაარწმუნა.
„აიაქსმა“ გიორგი ზაფხულში 16 მილიონ ევროდ შეიძინა, მაგრამ შესაძლოა გაანათხოვროს. მიქაუტაძემ ამ სეზონში „აიაქსის“ შემადგენლობაში ოთხ მატჩში მხოლოდ 165 წუთი ითამაშა. ქართველს ჯერ არც გოლი გაუტანია და არც საგოლე გადაცემა გაუკეთებია. „მეცში“ კი, ჩატარებულ 45 მატჩში 26 გოლი გაიტანა და 10 საგოლე გადაცემა გააკეთა.