იტალიის სერია A-ს მე-11 ტური „ტორინოს“ და „სასუოლოს“ მატჩით დასრულდა, რომელიც მასპინძლებმა 2:1 მოიგეს.
სამწუხაროდ, საბა საზონოვს არ მიეცა თამაშის შესაძლებლობა. მიუხედავად იმისა, რომ „ტორინოს“ ორი ცენტრალური მცველი ლაზარეთში ჰყავს, ივან იურიჩმა ცენტრალური ნახევარმცველი, ადრიან ტამეზე დაწია დაცვაში და ქართველი თადარიგში დატოვა.
პირველივე ტაიმში დაშავდა კიდევ ერთი მცველი რიკარდო როდრიგესი, მაგრამ მის ნაცვლად ხორვატმა სპეციალისტმა არა საბა, არამედ ლაზარეთიდან ახლახან დაბრუნებული დავიდ ზიმა ჩართო თამაშში... მოკლედ, საზონოვის ტურინული კარიერა თითქოს კარგად დაიწყო, „ლაციოსა“ და „ვერონასთან“ კარგად ითამაშა, მაგრამ მერე „ინტერთან“ მატჩი ჩაუვარდა, რის შემდეგაც საერთოდ აღარ ენდობიან. ამაზე ნათლად მიანიშნებს ის ფაქტი, რომ ბევრი მცველის არყოფნაში საზონოვი მაინც სკამზეა და მწვრთნელი ნახევარმცველს ათამაშებს მის პოზიციაზე. ქართველს შუა კვირაში არც უმნიშვნელო მატჩში, იტალიის თასზე მიეცა თავის გამოჩენის შანსი. სიტუაცია დამაფიქრებელია...
მიმდინარე სეზონში საბა საზონოვის აქტივში 3 მატჩია. „ტორინომ“ ანტონიო სანაბრიას და ნიკოლა ვლაშიჩის გოლებით 2:1 მოიგო. ტურინულ გუნდს 15 ქულით მე-12 ადგილი უკავია, მომდევნო ტურში კი 11 ნოემბერს, „მონცას“ ესტუმრება.