ენრიკო ფედელემ, რომელიც ფაბიო კანავაროს ყოფილი აგენტია, „ნაპოლის“ შესახებ ისაუბრა. როგორც მან თქვა, მისთვის გაუგებარია, რატომ შეცვალა რუდი გარსიამ „სალერნიტანასთან“ მატჩში ხვიჩა კვარაცხელია.
„პირველ ტაიმში „ნაპოლი“ თითქმის შარშანდელ დონეზე იყო, თუნდაც მხოლოდ 20 წუთი, მაგრამ მეორე ტაიმი არ მომეწონა და ვერ დამარწმუნა, რადგან 82-ე წუთზე ელმასს რომ არ გაეტანა, შეიძლება ეს მატჩი „ნაპოლის“ ვერ მოეგო. ვერ მივხვდი რატომ შეცვალა გარსიამ კვარაცხელია, ძალიან მარტივი მიზეზის გამო: მაცოკის, რომელსაც მისი გაკონტროლება ევალებოდა, ყვითელი ბარათი ჰქონდა და ვერ ახერხებდა კვარას გაჩერებას. რატომ შეცვალეს? ამბობენ, რომ მწვრთნელმა შეცვლა გამოიცნო, რადგან ელმასმა გოლი გაიტანა, მაგრამ, კარგი რა! მაკედონიელს თამაშში სხვის ნაცვლად ჩართვაც შეეძლო, მაგრამ არა ქართველის ადგილას! ნებისმიერ შემთხვევაში, „ნაპოლის“ სეზონი 25 ნოემბერს იწყება, როდესაც მოკლე პერიოდში „ატალანტას“, „ინტერს“ და „იუვენტუსს“ შეხვდება. ამ შემთხვევაში გავიგებთ რეალურ ამბიციებს, ჯერჯერობით, „აძურიმ“ მხოლოდ სუსტი გუნდები დაამარცხა“, - თქვა ფედელემ.
შეგახსენებთ, რომ „ნაპოლი“ მომდევნო მატჩს 8 ნოემბერს, ჩემპიონთა ლიგაზე „უნიონ ბერლინთან“ ჩაატარებს.