იტალიის სერია A-ს მე-11 ტურში „ფროზინონემ“ „ემპოლი“ 2:1 დაამარცხა და მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა.
სამწუხაროდ არ უთამაშია გიორგი კვერნაძეს, რომელიც თადარიგში დარჩა. ზოგადად, კვერნაძის პოზიციაზე დიდი კონკურენციაა და ძნელად წარმოსადგენია, რომ უახლოეს პერიოდში რაიმე უკეთესობისკენ შეიცვალოს.
სწორედ კვერნაძის კონკურენტმა, არიონ იბრაჰიმოვიჩმა გაიბრწყინა. 17 წლის ფეხბურთელმა, რომელიც გერმანიაშია დაბადებული და ამავე ქვეყნის მოქალაქეა, ჯერ საგოლე პასი გააკეთა, მერე ულამაზესი გოლი გაიტანა. ეს მისი პირველი თამაში იყო ძირითადში სერია A-ში. იბრაჰიმოვიჩი მიუნხენის „ბაიერნის“ საკუთრებაა და დიდი მომავალი აქვს. კვერნაძის კონკურენტია მატიას სულეც, რომელსაც სეზონში უკვე 5 გოლი აქვს გატანილი და „იუვენტუსის“ საკუთრებაშია. აქვე არიან, ჯუზეპე კაზო, რეინიერი მადრიდის „რეალიდან“ და კაიო ჟორჟე „იუვენტუსიდან“ - ისინიც შემტევი გარემარბები...
არიონ იბრაჰიმოვიჩმა კი ზედიზედ მეორედ გაიტანა. ოთხი დღის წინ მან იტალიის თასზე „ტორინოსაც“ გაუტანა. მოკლედ, ფეხბურთს ახალი იბრაჰიმოვიჩი ჰყავს...
„ფროზინონე“ 15 ქულით მე-11 ადგილზეა და მომდევნო ტურში „ინტერს“ ესტუმრება. კვერნაძეს მიმდინარე სეზონში 4 მატჩი აქვს ჩატარებული: ორი იტალიის თასზე (ორივე ძირითადში) და მხოლოდ ორი სერია A-ში (ორივე შეცვლაზე).