„ლევანტეს“ ფეხბურთელმა გიორგი ქოჩორაშვილმა „მირანდესთან“ მატჩის (2:2) შემდეგ ისაუბრა. ქართველმა ნახევარმცველმა ამ შეხვედრაში გოლი გაიტანა, საჯარიმო დარტყმით.
„შედეგი ძალიან მტკივნეულია, რადგან ყველაფერი ვცადეთ 10 ფეხბურთელით. გუნდის ძალისხმევით ბედნიერი ვარ, მაგრამ ყოველთვის სამწუხაროა, როცა ბოლო წუთებზე გოლს უშვებ.
ჩემი გოლი? ეს არის გოლი, რომელზეც ბევრჯერ მიფიქრია, წარმოვიდგენდი რომ „სიუტატზე“ (ლევანტეს სტადიონი - რედ) გავიტანე და გულშემატკივრებთან ერთად აღვნიშნავდი. თუმცა, როდესაც შენი გოლი მოგებაში ვერ გეხმარება, სხვა განცდა გაქვს. ბოლო წუთზე მეტოქემ გოლი ჩვენი ფანების ტრიბუნასთან იზეიმა და ეს უპატივცემულობა იყო, მსგავს რამეს არასდროს გავაკეთებ. მას ვუთხარი, რომ ეს არ იყო სწორი და შემდეგ ბოდიში მომიხადა.
ჯარიმით გოლი? ვვარჯიშობთ საჯარიმოებზე, მეც და პაბლო მარტინესიც ვარჯიშებზე კარგად ვასრულებთ. როცა ჯარიმა დაინიშნა, პაბლოს ვუთხარი, რომ თავდაჯერებული ვიყავი და დარტყმა დაეთმო. მის თვალებშიც ნდობა დავინახე. საბოლოოდ, გოლი მეც გავიტანე და შემდეგ პაბლომაც.
ყოველთვის ვცდილობ ჩემი შესაძლებლობების 100% გავიღო, არ აქვს მნიშვნელობა ეროვნულ ნაკრებში იქნება ეს თუ „ლევანტეში“. ჩემი მიზანია ყველაფერი გავაკეთო თანაგუნდელებისთვის და დავეხმარო მწვრთნელს და ფეხბურთელებს. ძალიან ამაყი ვარ და გავაგრძელებ ჩემი საქმის გაკეთებას.
გუნდში არის ტრავმები, მაგრამ კონცენტრირებული უნდა ვიყოთ ჩვენს მიზანზე. მსაჯობა? ვცდილობ მსაჯებზე არ ვისაუბრო. არიან ადამიანები, რომლებსაც მათი მუშაობის შეფასება უკეთ შეუძლიათ. მოედნიდან შეფასებას ვერ გავაკეთებ, ტელევიზორში უკეთ ვნახავ ჩვენი ორი ფეხბურთელის გაძევების მომენტს“, - თქვა ქოჩორაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ 24 წლის ქართველმა ფეხბურთელმა ლა ლიგა 2-ის მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 11 მატჩში 2 გოლი გაიტანა. „ლევანტე“ 24 ქულით მეექვსე ადგილზეა და მომდევნო ტურში 10 ნოემბერს, სტუმრად „ლეგანესს“ შეხვდება.