„ბაიერნის“ თავდამსხმელმა, ჰარი კეინმა, გერმანიის ჩემპიონატის მე-10 ტურის მატჩში დორტმუნდის „ბორუსიასთან“ (4:0) სამი გოლი გაიტანა. ამრიგად, ინგლისელ ფორვარდს მიუნხენურ კლუბში 16 გოლი დაუგროვდა.
ჯამში, კეინს ყველა შეჯიბრში „ბაიერნის“ შემადგენლობაში 14 მატჩში 23 ქულა აქვს (16+7). ის მიმდინარე სეზონში ამ მაჩვენებლებით გუნდში საუკეთესოა. ჩემპიონატში კეინმა 15-ჯერ გაიტანა და გერმანიის ჩემპიონატის ბომბარდირთა სიაში „შტუტგარტის“ თავდამსხმელს სერა გუირასის (14) გაუსწრო.
კეინი „ბაიერნში“ გასულ ზაფხულს გადავიდა. ბავარიულ კლუბთან მას კონტრაქტი 2027 წლის ივნისის ბოლომდე აკავშირებს.