„ნაპოლის“ მთავარმა მწვრთნელმა რუდი გარსიამ „სალერნიტანასთან“ მოგების (2:0) შემდეგ კომენტარი გააკეთა. ამჯერად მას ხვიჩა კვარაცხელიაზე არ უსაუბრია, თუმცა თამაში შეაფასა და ჯაკომო რასპდორის როლზეც გააკეთა კომენტარი.
„როგორც იქნა, მატჩის დასაწყისში გოლი გავიტანეთ და მერეც მეტოქეს პრაქტიკულად არაფერი შევაქმნევინეთ. ჩვენი სურვილი იყო თავიდანვე კარგად დაგვეწყო, რათა თამაში გვემართა. გოლის შემდეგ ცოტა ჩავარდნა გვქონდა, რაც მომავალში უნდა გამოვასწოროთ. დერბი ყოველთვის განსაკუთრებული და რთული გამოწვევაა, მაგრამ დამსახურებულად მოვიგეთ.
როგორც კი, გუნდში მოვედი, რასპადორიში დიდი ნიჭი დავინახე. მის მიმართ დიდი ნდობა მაქვს, რადგან აქვს ტექნიკა, ფიზიკური შესაძლებლობები, ორივე ფეხით დარტყმა შეუძლია, ის არა მარტო გოლებით გამოირჩევა, არამედ გუნდური ფეხბურთელია. მისი ერთადერთი პრობლემა ოსიმენი და 4-3-3 სქემაა (იღიმის - რედ).
ვფიქრობ, 4-3-3 გუნდისთვის შესაფერისი სქემაა, მაგრამ ისიც მართალია, რომ შეგვიძლია საჭიროების მიხედვით შევცვალოთ, სიტუაციიდან და მეტოქიდან გამომდინარე. გვჭირდება სხვა იარაღი და რესურსები. ახლა ეს გზა უნდა გავაგრძელოთ და ოთხშაბათს „უნიონთან“ მოვიგოთ, რადგან მერვედფინალში გასასვლელად ქულები გვჭირდება“, - თქვა გარსიამ.
შეგახსენებთ, რომ „ნაპოლი“ 21 ქულით სატურნირო ცხრილში მეოთხე ადგილზეა, მომდევნო ტურში კი 12 ნოემბერს, „ემპოლის“ უმასპინძლებს, თუმცა მანამდე ჩემპიონთა ლიგაზე ასევე შინ „უნიონს“ დაუპირისპირდება.