‘შავმა ლომმა’ 2023 წლის რაგბი ევროპის სუპერ თასის პირველ მატჩში ესპანური ‘იბერიანსი’ 39:19 დაამარცხა და მეტოქეზე სამით მეტი ლელოს გატანისთვის ბონუს-ქულაც ჩაიწერა.
მიმდინარე, ისტორიულ სეზონში ეს ‘შავი ლომის’ პირველი თამაში იყო. ქართულმა ფრენჩაიზმა, რომელიც სუპერ თასის ორგზის გამარჯვებულია, ტიტულის დაცვა დამაჯერებელი გამარჯვებით დაიწყო და ახალი ფორმატის პირობებში, თასის ნახევარფინალისკენ პირველი დიდი ნაბიჯი გადადგა.
შეგახსენებთ, სუპერ თასში წელსაც 8 გუნდი მიიღებს მონაწილეობას და ამჯერად გუნდები ჯგუფებში ძალთა თანაფარდობის მიხედვით გადანაწილდნენ. ა ჯგუფში ‘შავ ლომთან’ ერთად შარშანდელი ფინალისტი, ისრაელის ‘თელავივ ჰითი’, პორტუგალიური ‘ლუზიტანუში’ და ესპანური ‘იბერიანსი’ გაერთიანდნენ; ბ ჯგუფში რუმინული ‘ვულვზი’, ბელგიური ‘დევილსი’, ნიდერლანდური ‘დელტა’ და ჩეხური ‘ბოჰემია’ თამაშობენ.
ჯგუფური ეტაპი ერთ წრედ გაიმართება, რის შემდეგაც ა ჯგუფის სამი მოწინავე გუნდი და ბ ჯგუფის გამარჯვებული თასის ნახევარფინალში გავლენ, ა ჯგუფის მეოთხე ადგილოსანი და ბ ჯგუფის სამი გუნდი კი მე-5-მე-8 ადგილებს გაითამაშებენ.
სუპერ თასის დასრულების შემდეგ, 9 დეკემბრიდან, ‘შავი ლომი’ ჩელენჯ თასის გათამაშებაში ჩაერთვება, სადაც ევროპის წამყვან სარაგბო კლუბებთან მოუწევს თამაში.
ტაბუცაძის მე-18-ემიუხედავად იმისა, რომ ‘შავი ლომი’ ახალ სეზონს განახლებული შემადგენლობით შეხვდა, სათამაშო ინიციატივას თავიდანვე დაეუფლა და ანგარიში მე-7 წუთზე გახსნა. მოლიდან ბურთი ხაზზე გავიდა, ლუკა მატკავამ რთულ სიტუაციაში ლუკა ცირეკიძეს ოფლოუდი გაუხერხა, მან თავის მხრივ აკა ტაბუცაძე მოძებნა და მთავარმა მელელოვემ ტურნირზე მე-18 ლელო გაიტანა. ლუკა მატკავამ გარდასახვის შემდეგ ახლოდან ჯარიმაც გაიტანა, 24-ე წუთზე კი მოლი ბექა მამრიკიშვილის სადებიუტო ლელოთი დასრულდა. გარდასახვა ამჯერად არაზუსტი იყო.
ამის შემდეგ ესპანელებმა გარკვეული დროით შეძლეს თამაშის ჩვენ 22-ში გადმოტანა და 32-ე წუთზე გონსალო ვინუესმა ერთი ლელო გაქვითა. ტაიმის ბოლოს მასპინძლებმა შერკინებიდან კარგი კომბინაცია გაითამაშეს, ტაბუცაძემ კარის წინ ხაზი გაჭრა და გრძელი გადაცემით ლელო სანდრო თოდუას გაატანინა – 20:5.
მეორე ტაიმიც იგივე სცენარითმეორე ტაიმი 5 წუთის დაწყებული იყო, როდესაც ესპანელებს რაქიდან ბურთი გამოუვარდათ, სიტუაციაში ყველაზე სწრაფად დავით აბდუშელიშვილი გაერკვა და მისი ლელო მატკავამ გარდასახა.
გუნდებს შეცდომები მოუმრავლდათ და ტემპი დავარდა, თუმცა ეპიზოდებში მასპინძლებს ყველაფერი კარგად გამოუვიდათ და ლამაზი ლელოები გავიდა. 55-ე წუთზე მცველს ერთი-ერთზე ლუკა ცირეკიძემ აჯობა და ‘შავ ლომში’ სადებიუტო შეხვედრა ლელოთი აღნიშნა, 64-ე წუთზე კი მეტოქე ცრუ მოძრაობაზე მატკავამ დაიჭირა და მეექვსე ლელო გაიტანა – 39:5.
ასეთი უპირატესობის ფონზე მატჩის მიწურულს ყურადღება მოვადუნეთ, რასაც ჯერ მერაბ შარიქაძის, მერე კი დემურ ეფრემიძის სინბინი მოყვა და ‘იბერიანსმა’ რიცხობრივი უპირატესობით ორჯერ ისარგებლა. ძალისმიერი ლელო ჯერ ალეხანდრო პერესმა, მერე ბუან სანჩესმა გაიტანეს. ინიაკი მატეუმ ორივე გარდასახა, თუმცა ამით მხოლოდ საბოლოო შედეგი დაფიქსირდა, საცხრილო კუთხით კი არაფერი შეცვლილა – 39:19.
რაგბი ევროპის სუპერ თასი 2023 ა ჯგუფი. I ტური 4 ნოემბერი. თბილისი. ავჭალა შავი ლომი (საქართველო) – იბერიანსი (ესპანეთი) 39:19 (20:5) შავი ლომიხაზი: 15. ლუკა ცირეკიძე, 14. აკაკი ტაბუცაძე, 13. გიორგი კვესელაძე, 12. მერაბ შარიქაძე (კაპ.), 11. სანდრო თოდუა, 10. ლუკა მატკავა, 9. თენგიზ პერანიძე;
შერკინება: 1. დათო აბდუშელიშვილი, 2. ბექა მამრიკიშვილი, 3. ნიკა ხატიაშვილი, 4. გრიგორ ქერდიყოშვილი, 5. მიხეილ ბაბუნაშვილი, 6. ლუკა ივანიშვილი, 7. სანდრო მამამთავრიშვილი, 8. ილია სპანდერაშვილი.
მარქაფა: 16. ირაკლი ქვათაძე, 17. მიხეილ ნარიაშვილი, 18. ბაჩუკი ჭუმბაძე, 19. დემურ ეფრემიძე, 20. გიორგი კერვალიშვილი; 21. გიორგი მარგალიტაძე, 22. ოთარ ლაშხი, 23. სოსო მათიაშვილი.
6 ლელო: ტაბუცაძე, მამრიკიშვილი, თოდუა, აბდუშელიშვილი, ცირეკიძე, მატკავა
3 გარდასახვა: მატკავა
1 ჯარიმა: მატკავა
2 სინბინი: შარიქაძე, ეფრემიძე
RUGBY.GE