კალათბურთი

1:36 | 4.11.2023 | ნანახია [] - ჯერ

შენგელიას მორიგი ბრწყინვალე მატჩი, MVP-ის ტიტული და "ვირტუსის" მოგება ევროლიგაში

ბრწყინვალე ფორმაშია „ვირტუს ბოლონია“, რომელმაც ევროლიგაში ზედიზედ მეხუთე, ხოლო სერია A-ს ჩათვლით მე-9 მატჩი მოიგო.

ბოლონიელებმა ევროლიგის მე-6 ტურში შინ „ანადოლუ ეფესი“ 93:81 დაამარცხეს. ლუკა ბანკის გუნდმა ტაიმი წააგო, მაგრამ მეორე ნახევარში მეტოქეს შანსი არ დაუტოვა და მორიგი გამარჯვება ზედმეტი პრობლემების გარეშე იზეიმა.

„ვირტუსი“ რომ ბრწყინავს, ეს თორნიკე შენგელიას დამსახურებაცაა, რადგან ქართველი უბრალოდ დიდებულ ფორმაშია. თორნიკე ოქტომბრის MVP გახდა, როგორც სერია A-ში, ისე ევროლიგაში და ნოემბერიც იდეალურად დაიწყო: ქართველი ამ მატჩის საუკეთესო მოთამაშე გახდა და ძალიან დიდი ალბათობაა, რომ ტურის საუკეთესო მოთამაშის პრიზიც მიიღოს. შენგელიამ 31:11 წუთში 19 ქულა, 5 მოხსნა, 6 პასი და 1 ჩაჭრა მიითვალა. მან 9-დან 5 ორქულიანი და 11-დან 9 საჯარიმო ჩააგდო, 3 სამქულიანი კი ააცილა. შედეგად, მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი 30-ს გაუტოლდა, რაც არათუ შეხვედრაში, მთლიანად ტურში საუკეთესო მაჩვენებელია (ერთი მატჩი გადადებულია და ჯერ ტური არ დასრულებულა).

თორნიკეს გარდა, გამოირჩა მარკო ბელნელი 17 ქულით, თურქულ გუნდს კი შეინ ლარკინმა 16 ქულით ულიდერა. ბოლოს ისიც ვთქვათ, რომ მატჩის წინ შენგელიას ოქტომბრის MVP-ს ჯილდო გადასცეს.

„ვირტუს ბოლონია“ 5 მოგებით და 1 წაგებით ევროლიგაში მეორე-მეხუთე ადგილებს „ბარსელონასთან“, „ფენერბაჰჩესა“ და „ვალენსიასთან“ ერთად იყოფს, მომდევნო ტურში კი 9 ნოემბერს, „რეალს“, რომელიც ლიდერია, სტუმრად დაუპირისპირდება.

0.217385