ფეხბურთი

12:00 | 3.11.2023 | ნანახია [] - ჯერ

მატიას სულემ იტალიის ნაკრებს არგენტინა ამჯობინა

„ფროზინონეს“ ნიჭიერი ფეხბურთელი მატიას სულე არგენტინის ნაკრებში ითამაშებს. საქმე ისაა, რომ 20 წლის შემტევს, რომელიც არგენტინელია, დედის იტალიური წარმომავლობის გამო, იტალიის ნაკრების არჩევაც შეუძლია.

ბოლო დროს ამაზე იტალიური პრესა ხშირად წერდა, ლუჩანო სპალეტი მატიასს პირადადაც ესაუბრა, სურდა მისი გამოძახება „სკუადრა აძურაში“, მაგრამ როგორც ჩანს, სულემ სამშობლო აირჩია. როგორც მან თქვა, ის სპალეტის და იტალიის მადლობელია, მაგრამ არგენტინელია.

„სპალეტის ველაპარაკე და სიმართლე ვუთხარი: მე თავს არგენტინელად ვგრძნობ. მადლობა, რომ მას იტალიის ნაკრებში ვუნდოდი, მაგრამ ასევე ვესაუბრე ვალტერ სამუელს, რომელმაც მითხრა, რომ არგენტინის ნაკრებში მიწვევენ. ასე რომ, ველოდები არგენტინას. არ ვიცი, ახლა გამომიძახებენ თუ შემდეგ, მაგრამ მე არგენტინელი ვარ, იქ დავიბადე და გული ყოველთვის ამბობს არგენტინას“, - განაცხადა სულემ.

მატიას სულე „იუვენტუსის“ საკუთრებაა, სადაც გასულ სეზონში 1 გოლი გაიტანა. მიმდინარე სეზონში ტურინელებმა ის „ფროზინონეში“ გამოცდილების მისაღებად გაანათხოვრეს, სადაც მან 8 მატჩში 5 გოლი და 1 საგოლე პასი უკვე მიითვალა. სხვათა შორის, 20 წლის სულე საშუალო შეფასებებით მიმდინარე სეზონში სერია A-ს საუკეთესო ფეხბურთელია.

0.118265