ფეხბურთი

21:26 | 2.11.2023 | ნანახია [] - ჯერ

სპალეტი და ტოტი რიგდებიან

ფრანჩესკო ტოტი და ლუჩანო სპალეტი, როგორც ჩანს, ერთმანეთზე ნაწყენები აღარ არიან. სპალეტი ტოტის მწვრთნელი „რომაში“ 2005-2009 წლებში იყო და მაშინ ყველაფერი რიგზეც გახლდათ, მაგრამ სიტუაცია 2016-2017 წლებში გაუარესდა, როდესაც ლუჩანო „რომას“ მეორედ ხელმძღვანელობდა.

სპალეტი უკვე ასაკში მყოფ ტოტის სათამაშო დროს არ აძლევდა, რის გამოც, „ჩესკოს“ კარიერის დასრულება მოუწია, ხოლო „რომას“ ტიფოზებმა სპალეტი ალბათ სამუდამოდ შეიძულეს. თუმცა, Corriere Della Sera-სთან ინტერვიუში ტოტიმ თქვა, რომ მაშინ შეცდომა მანაც დაუშვა და მზადაა ლუჩანოს შეურიგდეს.

„სპალეტიმ კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ დიდი მწვრთნელია. თუ მასთან შეხვედრა მომიწევს, თბილად მივესალმები. მგონია, რომ ჩვენს შორის ღრმა კავშირია, ის, რაც ჩვენ გამოვიარეთ, როცა „რომაში“ „უდინეზედან“ მოვიდა, ჩემს ცხოვრებაში რაღაც განუმეორებელია, მოედანზეც და ყოველდღიურ ცხოვრებაშიც. კვირაში ერთხელ ან ორჯერ მასთან ერთად ვახშამზე გავდიოდი. ლუჩანო სასიამოვნო, მხიარული, გულწრფელი ადამიანია. ბოლოს ჩვენი ურთიერთობა გაფუჭდა, ერთმანეთის აღარ გვესმოდა. მეც დავუშვი შეცდომები, მაგრამ მჯერა, რომ ორივეს უკან დაბრუნება რომ შეგვეძლოს, კონფლიქტი აღარ მოხდებოდა“, - თქვა ტოტიმ.

ფრანჩესკოს სპალეტიმ უპასუხა და შერიგებისკენ ნაბიჯი მანაც გადადგა: „რა თქმა უნდა, იყო პერიოდი, როდესაც მეც არასწორად გავაცნობიერე რაღაცები. „ოლიმპიკოზე“ მომდევნო მატჩის წინ რამდენიმე მეგობრის მოსანახულებლად წავალ, რომლებიც ჩვენი საერთო მეგობრები არიან და შეიძლება ეს იყოს კარგი შესაძლებლობა, რომ ერთმანეთი ვნახოთ“.

0.110872