კალათბურთი

21:59 | 1.11.2023 | ნანახია [] - ჯერ

ქუთაისმა ზესტაფონის მარგვეთს თბილისში იოლად მოუგო

სუპერლიგის მე-3 ტურის გადადებული მატჩი დღეს თბილისი არენაზე გაიმართა. ზესტაფონის “მარგვეთმა” ქუთაისი 2010-ს დედაქალაქში უმასპინძლა. სანამ ზესტაფონის დარბაზში ტექნიკური დეტალები გაიმართება, მარგვეთი საშინაო თამაშებს თბილისში მასპინძლობს. ნიკოლოზ ჩერქეზიშვილის გაწვრთნილი გუნდის მეტოქე გახლდათ მიმდინარე სეზონში დუდუ დადიანის თასის მომგები ქუთაისი. სხვათა შორის, სწორედ ამ გუნდების დაპირისპირება შედგა დუდუს მემორიალზე და ის შეხვედრა ქუთაისელებმა დაძაბულ ბრძოლაში მოიგეს.

ამჯერად კოტე ტუღუშის გაწვრთნილმა იმერულმა კლუბმა იოლი გამარჯვება მოიპოვა. ქუთაისელებმა პრიველივე წუთებიდან ხელჩასაჭიდი უპირატესობა მოიპოვეს. სტუმრებმა პირველი პერიოდი 15 ქულის სხვაობით (31:15) მოიგეს და ლიდერობა დიდ შესვენებამდე კიდევ უფრო გაიმყარეს – 53:30. იმერული კლუბი დომინირებდა როგორც სწრაფ შეტევებში, ისე ფარქვეშა, პოზიციურ თამაშში.

მესამე პერიოდში ზესტაფონელებმა თამაში ოდნავ გამოაკეთეს, თუმცა მნიშვნელოვანი ვერაფერი შეცვალეს. ქუთაისმა ლიდერობა კიდევ უფრო გაიმყარა და ბოლო ათწუთეულს სპორტული ინტერესი დაეკარგა. ქუთაისელები 26 ქულით იგებდნენ და გამარჯვებამდეც იოლად მივიდნენ – 110:90 (სტატისტიკა).

ქუთაისელთაგან გიორგი კორსანტია გამოირჩა, რომელმაც 18 ქულა და 8 მოხსნა მოაგროვა. 17 ქულა მიხეილ ბერიშვილის ანგარიშზეა. ხოლო 14 ქულა ლედუ სკოტმა მიითვალა. მარგვეთში 33 ქულითა და 14 მოხსნით დომინანტური სტატისტიკა დააფიქსირა ტაიშონ კროუფორდმა, თუმცა მხოლოდ მისი გარჯა ზესტაფონელებს გასამარჯვებლად არ ეყოთ. 24 ქულა, 6 პასი და 5 მოხსნა ჰქონდა მაიკლ მაესს.

GBF.GE

0.112837