„ვირტუს ბოლონიას“ კალათბურთელი თორნიკე შენგელია ევროლიგის ოქტომბრის MVP გახდა. ამის შესახებ ევროლიგის ვებგვერდი იტყობინება.
ოქტომბერში „ვირტუსმა“ 5 მატჩი ჩაატარა და 4 მოიგო, ხოლო შენგელია თითქმის ყველა შეხვედრაში საუკეთესო იყო. ქართველმა კალათბურთელმა განვლილ ხუთ ტურში საშუალოდ 18.4 ქულა, 4.8 მოხსნა და 4 პასი დააგროვა, ხოლო მისი მარგი ქმედების საშუალო კოეფიციენტი 23.6-ია, რაც ოქტომბერში საუკეთესო მაჩვენებელი გამოდგა.
თორნიკე შენგელია ევროლიგაში მე-3 ტურის საუკეთესო მოთამაშედ აღიარეს, თუმცა, ცხადია თვის MVP-ის ტიტული უფრო ფასეულია. ეს ჯილდო მან კარიერაში მეორედ მოიგო, პირველად 2018 წლის მარტში, როდესაც ესპანურ „ბასკონიაში“ გამოდიოდა.