ფეხბურთი

23:43 | 29.10.2023 | ნანახია [] - ჯერ

"ბილბაოსთან" მამარდაშვილი მატჩის საუკეთესოდ დაასახელეს, "ვალენსიამ" მოგება 97-ე წუთზე დაკარგა

ესპანეთის ლა ლიგის მე-11 ტურში „ვალენსია“ „სან მამესზე“ „ბილბაოს“ დაუზავდა (2:2), არადა, მოგებამდე ერთი წუთი დააკლდა.

მიუხედავად იმისა, რომ 2 გოლი გაუშვა, გიორგი მამარდაშვილი მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად ლა ლიგამ დაასახელა და სრულიად დამსახურებულადაც.

ქართველმა მეკარემ 5 დარტყმა მოიგერია, მათ შორის, რამდენიმე ძალიან რთულიც. 22-ე წუთზე ინიაკი უილიამსს ულამაზესი ნახტომით აჯობა, ხოლო 8 წუთში ისევ ის დაჯაბნა კიდევ უფრო სუპერმოქმედებით, როცა ერთი-ერთზე აუღო. 32-ე წუთზე გიორგის გოლი მაინც გაუტანეს. „ვალენსიას“ დაცვა ისევ ჩავარდა და ოსკარ დე მარკოსმა გაიტანა.

მე-60 წუთზე მამარდაშვილმა კიდევ ერთხელ იხსნა ეფექტური სეივით თავისი გუნდი, რასაც სულ მალე სტუმართა ქამბექი მოჰყვა. 62-ე წუთზე ფრან პერესმა ანგარიში გაათანაბრა. სხვათა შორის, საგოლე შეტევა გიორგის პასით დაიწყო. 68-ე წუთზე უგო დურომ მეორე გაუტანა ბასკებს და „ვალენსია“ დაწინაურდა.

ამ ანგარიშს „ვალენსია“ 97-ე წუთამდე ინარჩუნებდა, მათ შორის, მამარდაშვილის დამსახურებით, რომელმაც 2:1-ზეც აიღო ურთულესი ბურთი, თუმცა მსაჯის მიერ კომპენსირებულ მე-7 წუთზე ალექს ბერენგერმა თავით გიორგის დაასწრო და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა. მამარდაშვილს თავის გუნდში ერთ-ერთი საუკეთესო შეფასება ჰქონდა სტატისტიკური ვებგვერდების მიხედვითაც.

გიორგი მამარდაშვილს მიმდინარე სეზონში 11 მატჩში 3-ჯერ აქვს კარი მშრალად შენახული და 13 გოლი გაუშვა. „ვალენსია“ 15 ქულით მეცხრე ადგილზეა და მომდევნო ტურში 5 ნოემბერს, „გრანადას“ უმასპინძლებს.

0.121776