„აიაქსის“ ფიასკო გრძელდება, უსასრულოდ... ამსტერდამელები ერედივიზიონის მე-10 ტურში სტუმრად პსვ ეინდჰოვენთან განადგურდნენ - 2:5. ეს ნიდერლანდების ჩემპიონატში ზედიზედ მეხუთე მარცხი იყო...
არადა, თავიდან „აიაქსი“ კარგი იყო, ორჯერ იგებდა და პირველი ტაიმი მოიგო კიდეც, მაგრამ მეორე ნახევარში 4 გოლი გაუშვა და მარცხი განიცადა.
მორის სტეინის შემცვლელი ჰედვიგეს მადუროც ვერ ასწორებს სიტუაციას. გიორგი მიქაუტაძეს ისევ არ უთამაშია, ისევ სათადარიგო სკამზე დარჩა. ამასობაში, „აიაქსის“ მოუგებელ მატჩთა სერია ყველა ტურნირზე ათამდე გაიზარდა.
შედეგად, „აიაქსი“ 5 ქულით ბოლო ადგილზეა! მომდევნო ტურში მადუროს გუნდი 2 ნოემბერს, „ვოლენდამს“ უმასპინძლებს, რომელსაც 7 ქულა აქვს, მოკლედ, უშუალო კონკურენტს გაეჯიბრება. „აიაქსის“ გაჭირვების პარალელურად, პსვ ეინდჰოვენმა მიმდინარე სეზონში 10-ვე მატჩი მოიგო და 30 ქულით ლიდერია.