ლონდონის „ჩელსის“ კრიზისს ბოლო არ უჩანს. მაურისიო პოჩეტინოს გუნდი პრემიერლიგის მეათე ტურში საკუთარ მოედანზე „ბრენტფორდთან“ დამარცხდა - 0:2.
„არისტოკრატებმა“ ისევ უფერულად ითამაშეს, მეტოქეს ვერაფერი დააკლეს და მეორე ტაიმში ორი უპასუხო გოლი გაუშვეს. ანგარიში ეთან პინოკმა გახსნა, ხოლო ბოლო წუთზე კონტრშეტევაზე ცარიელ კარში ბრაიან მბუემომ შეაგდო და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.
შედეგად, „ბრენტფორდი“ პირველი გუნდი გახდა, რომელმაც პრემიერლიგის ეგიდით „ჩელსი“ „სტემფორდ ბრიჯზე“ ზედიზედ სამჯერ დაამარცხა!
„ბრენტფორდმა“ სწორედ პოჩეტინოს გუნდს გადაასწრო სატურნირო ცხრილში და 13 ქულით მეათეა, ხოლო „ჩელსის“ 10 ტურში მხოლოდ 12 ქულა აქვს (3 მოგება, 3 ფრე, 4 წაგება), რითაც მე-11 ადგილზეა, მომდევნო ტურში კი ლიდერ „ტოტენჰემს“ ესტუმრება.