ფეხბურთი

15:56 | 28.10.2023 | ნანახია [] - ჯერ

რუდი გარსია: "კვარა თავის დონეს დაუბრუნდა და როცა ასეა, გადამწყვეტი ფეხბურთელია"

„ნაპოლის“ მთავარმა მწვრთნელმა რუდი გარსიამ „მილანთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა, სადაც ხვიჩა კვარაცხელიაზეც ისაუბრა. შეკითხვა შეეხებოდა მარიო რუისთან ერთად უკეთ თამაშს, ვიდრე მატიას ოლივერასთან.

- შთაბეჭდილებაა, რომ კვარაცხელიას თამაშის დონე იზრდება, როდესაც მოედანზე მარიო რუია. ამ სეზონში სამივე გოლიც მაშინ გაიტანა, როცა მოედანზე რუი იყო და არა ოლივერა. ამიტომ, ხვალ პორტუგალიელი ხომ არ ითამაშებს?

- ამაში არ გეთანხმებით, რადგან ხვიჩამ უგოლო სერია „უდინეზესთან“ შეწყვიტა, მანამდე კი გოლი ვერ გაჰქონდა მარცხენა მცველად ვინც არ უნდა ყოფილიყო. უბრალოდ, ხვიჩა დაუბრუნდა თავის დონეს და როდესაც ხვიჩა თავის დონეზეა, ვიცით, რომ მას მაღალი კლასი აქვს და განსხვავებას ქმნის. ჩვენი გარემარბები ძლიერი და გადამწყვეტი ფეხბურთელები არიან. როგორც პოლიტანოსგან, ისე კვარაცხელიასგან, ველოდები, რომ გადამწყვეტი იქნებიან, ისინი გოლებს იტანენ და საგოლე პასებს აკეთებენ, ამიტომაც არიან ხშირად ძირითად შემადგენლობაში“, - თქვა გარსიამ.

ფრანგმა სპეციალისტმა მომავალი თამაშისა და მეტოქის შესახებაც ისაუბრა:

„შარშანდელის მსგავსი მატჩი არ იქნება. თუნდაც იმიტომ, რომ ირონიულად რომ გიპასუხოთ, თქვენ ყოველთვის ამბობთ, რომ ეს „ნაპოლი“ გასული სეზონის „ნაპოლისგან“ განსხვავდება, შესაბამისად, „მილანთანაც“ განსხვავებული მატჩი იქნება. ლეაუ შესანიშნავი ფეხბურთელია, მაგრამ მხოლოდ ერთ ფეხბურთელზე ვერ ვიფიქრებთ, მთლიანად გუნდს უნდა მივაქციოთ ყურადღება, რადგან ლეაუს გარდა, მაშინ, პულიშიჩის და ჟირუს წინააღმდეგ სათამაშო გეგმაც უნდა გვქონდეს, „მილანი“ გუნდურად არის ძლიერი და არა ინდივიდუალურად. ცხადია, „მილანის“ მარცხენა ფლანგი ძალიან ძლიერია, მაგრამ ჩვენი მარჯვენა ფლანგიც ასევე მაღალი დონისაა, ჩვენს თავზე უნდა ვიფიქროთ.

გუნდში კარგი განწყობაა, სტუმრად ზედიზედ ორი გამარჯვება დაგვეხმარა. გეთანხმებით, რომ წელს შინ თამაში გვიჭირს და ამ მხრივ სიტუაცია უნდა გამოვასწოროთ. გამარჯვება გვინდა, რათა დადებითი სერია გავაგრძელოთ“, - აღნიშნა გარსიამ.

შეგახსენებთ, რომ „ნაპოლის“ და „მილანის“ მატჩი 29 ოქტომბერს, თბილისის დროით 23:45 საათზე გაიმართება.

0.131738