აბუ დაბის გრანდ სლემი საქართველოს ნაკრებმა ორი მედლით დაასრულა. ბოლო საშეჯიბრო დღეს ბრინჯაოს გიორგი ჯაბნიაშვილი დაეუფლა.
90 კგ წონით კატეგორიაში ჯაბნიაშვილმა ნიდერლანდელი და ამერიკელი მეტოქეები დაამარცხა, შემდეგ სამხრეთკორეელ სუნგჰო ლისთან წააგო, ხოლო რეპეშაჟში აზერბაიჯანელ ვუგარ ტალიბოვს აჯობა და მედლისთვის ესტონელ კრისტოფერ კალიულაიდს იპონით სძლია.
იგივე გზა განვლო +100 კგ წონით კატეგორიაში საბა ინანეიშვილმა, რომელმაც მეოთხედფინალში ინალ ტასოევთან წააგო, მაგრამ რეპეშაჟში იმარჯვა და ბრინჯაოს მედლისთვის ტამერლან ბაშაევთან დაპირისპირება მოუწია, მაგრამ მარცხი განიცადა და მედალი ვერ მოიპოვა.
დღესვე იასპარეზეს, მაგრამ უმედლოდ დარჩნენ უჩა ტაბატაძე (+100 კგ), ონისე სანებლიძე (100 კგ), მიხეილ ჯაფარიძე (100 კგ) და აკაკი ჯაფარიძე (90 კგ).
ამრიგად, საქართველომ, რომელიც გრანდ სლემზე გადახალისებული შემადგენლობით იყო, 1 ოქროს (ვაჟა მარგველაშვილი) და 1 ბრინჯაოს მედალი (გიორგი ჯაბნიაშვილი) მოიპოვა.