„ნიუკასლ იუნაიტედის“ და იტალიის ნაკრების ნახევარმცველი სანდრო ტონალი 10-თვიანი დისკვალიფიკაციით დაისაჯა.
ტონალისა და პროკურატურას შორის საპროცესო შეთანხმება შედგა, რის შედეგადაც, მას მოედანზე დაბრუნება მომდევნო სეზონის სტარტზე შეეძლება. უფრო კონკრეტულად კი, სექტემბერში.
გარდა ამისა, ტონალი გაივლის სარეაბილიტაციო კურსს, რათა აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულებას თავი დააღწიოს. აღნიშნულის ფარგლებში იტალიელი 8 თვის განმავლობაში იმკურნალებს.
ტონალი ფსონებს დებდა საფეხბურთო მატჩებზე, რაც პროფესიონალ ფეხბურთელს კანონით ეკრძალება. აღსანიშნავია, რომ სანდრო „მილანის“ მატჩებზეც აკეთებდა ფსონებს, რაც უფრო მძიმე დანაშაულია, თუმცა, როგორც ჩანს, ის მხოლოდ 10-თვიან სასჯელს მოიხდის, რადგან გამოძიებასთან ითანამშრომლა და ბრალი აღიარა.
შეგახსენებთ, რომ სანდრო ტონალი ზაფხულში „მილანიდან“ „ნიუკასლში“ 70 მილიონ ევროდ გადავიდა. იტალიური მედია არ გამორიცხავს, რომ ინგლისელებმა იტალიურ კლუბს უჩივლონ და ზარალის ანაზღაურება მოითხოვონ.