„ნიუკასლ იუნაიტედის“ და იტალიის ნაკრების ნახევარმცველი სანდრო ტონალი 10-თვიანი დისკვალიფიკაციით დაისჯება.
იტალიური მედიის ცნობით, ამას მხოლოდ ოფიციალური განცხადება აკლია. ტონალისა და პროკურატურას შორის საპროცესო შეთანხმება შედგა, რის შედეგადაც, მას მოედანზე დაბრუნება მომდევნო სეზონის სტარტზე შეეძლება.
გარდა ამისა, ტონალი გაივლის სარეაბილიტაციო კურსს, რათა აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულებას თავი დააღწიოს. ტონალი ფსონებს დებდა საფეხბურთო მატჩებზე, რაც პროფესიონალ ფეხბურთელს კანონით ეკრძალება. აღსანიშნავია, რომ სანდრო „მილანის“ მატჩებზეც აკეთებდა ფსონებს, რაც უფრო მძიმე დანაშაულია, თუმცა, როგორც ჩანს, ის მხოლოდ 10-თვიან სასჯელს მოიხდის.
შეგახსენებთ, რომ სანდრო ტონალი ზაფხულში „მილანიდან“ „ნიუკასლში“ 70 მილიონ ევროდ გადავიდა. იტალიური მედია არ გამორიცხავს, რომ ინგლისელებმა იტალიურ კლუბს უჩივლონ და ზარალის ანაზღაურება მოითხოვონ.