„უნიონ ბერლინის“ მთავარმა მწვრთნელმა ურს ფიშერმა „ნაპოლისთან“ მატჩის (0:1) შემდეგ ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, გოლის მომენტში გამოჩნდა ხვიჩა კვარაცხელიას ხარისხი და ასეთი ძლიერი ფეხბურთელის გაჩერება 90 წუთის განმავლობაში ვერ შეძლეს.
„გუშინ ვთქვი, რომ ყველაზე მეტად „ნაპოლის“ ფლანგების მეშინოდა, მაგრამ კარგად ვითამაშეთ და მათ ბევრი სახიფათო მომენტი არ ჰქონიათ. კომპაქტურად ვითამაშეთ და „ნაპოლის“ ბურთი ბევრჯერ არ დავუთმეთ. სამწუხაროდ, გოლის მომენტში ვნახეთ კვარაცხელიას ინდივიდუალური ხარისხი და ვერ მოვახერხეთ ასეთი ძლიერი ფეხბურთელის 90 წუთის განმავლობაში შეჩერება.
მთლიანობაში, ვფიქრობ, კარგად ვიცავდით თავს და კარიგ თამაში ვაჩვენეთ. ვიცით, რომ „ნაპოლი“ ძლიერი გუნდია და ყველაფრის მიუხედავად, მათი შეჩერება შევძელით. რა თქმა უნდა, „ნაპოლი“ ძალიან ეფექტიანი იყო, მაგრამ გამიკვირდა, რომ გოლის გარდა, მეტი სახიფათო მომენტი არ ჰქონიათ. ჩვენ გვქონდა საგოლე შანსები, ერთი გოლი არ ჩაგვითვალეს მცირე თამაშგარეს გამო, კარგად ვიმუშავეთ. ეს ადასტურებს, რომ ეს გუნდი ისევ ცოცხალია და ამით კმაყოფილი ვარ. ძნელია ჩვენს მდგომარეობაში სიმშვიდის შენარჩუნება, კრიტიკაც იქნება, ეს თამაშის ნაწილია. ამ თამაშში ჩემს გუნდს ვერაფერს დავაბრალებ, ღირსეულად ვითამაშეთ, განსაკუთრებით, პირველ ტაიმში“, - თქვა ფიშერმა.
შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიამ მიმდინარე სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე პირველი საგოლე პასი გააკეთა, ყველა ტურნირზე კი მისი მონაგარი ასეთია: 11 მატჩი, 3 გოლი, 4 საგოლე პასი და 2 მოპოვებული პენალტი.
„ნაპოლი“ მომდევნო მატჩს 29 ოქტომბერს, საკუთარ მოედანზე „მილანთან“ გამართავს.