პირველი მატჩი არსებობის ისტორიაში და პირველი გამარჯვება – საკალათბურთო კლუბმა “რაშმა” ისტორიის ათვლა წარმატებული მატჩით დაიწყო. ბესო ლეჟავას გაწვრთნილმა ახალმა გუნდმა სუპელრიგის მეორე ტურის პირველ მატჩში სუპერლიგის წინა სეზონის ფინალისტი რუსთავი 20 ქულის სხვაობით – 112:92 (სტატისტიკა) დაამარცხა.
სანამ მატჩის სხვა დეტალებზე გადავალთ, განვმარტავთ, საიდან მოხვდა ახალი გუნდი უმაღლეს ლიგაში. სუპერლიგაში გუნდმა ადგილი ან “ა” ლიგიდან, წარმატებით უნდა მოიპოვოს, ან სუპერლიგის რომელიმე მოქმედმა წევრმა ფუნქციონირება უნდა შეწყვიტოს და საკუთარი ადგილი სხვას დაუთმოს (სავარაუდოდ გაყიდოს). ასე მოხდა “კაკტუსის” შემთხვევაში. აღნიშნულმა კლუბმა საკუთარი ადგილი იმ ორგანიზაციას გადაულოცა, რომელმაც სუპერლიგაში საკუთარი გუნდი “რაშის” სახელით დაარეგისტრირა და დღეს დებიუტიც ჰქონდა.
კლუბი კაკტუსი არ გაყიდულა. გუნდმა სუპერლიგაში საკუთარი ადგილი “რაშს” დაუთმო და თავად, იმედია დროებით, საკალათბურთო კლუბის ფუნქციონირება შეაჩერა. კაკტუსის რამდენიმე წევრი “რაშის” შემადგენლობაში ჩაირიცხა, მთავარი მწვრთნელი კი ბესიკ ლეჟავა გახდა, რომელმაც რუსთავის ძლევით ბრწყინვალე დებიუტი მოიწყო.
ერიკ ფრედერიკმა მატჩის პირველი ბურთი რომ ჩააგდო და რაში დააწინაურა, მას მერე ლიდერი აღარ შეცვლილა. რაშმა პირველი პერიოდი 27:16 მოიგო და მას მერე ხელჩასაჭიდი უპირატესობა აღარ დაუთმია. მაქსიმუმი, რაც რუსთავმა მოახერხა, მეორე პერიოდში ჩამორჩენის 5 ქულამდე შემცირება იყო. რაშის შემადგენლობაში საუკეთესოები ლეგიონერები იყვნენ – ფრედერიმა 30 ქულა და 6 მოხსნა მოაგროვა, ბრადენ ოლსენმა კი 19 ქულა, 9 პასი და 5 მოხსნა. სანდრო სანაძის ანგარიშზე 22 ქულა და 6 პასი დაგროვდა.
რაში პირველ ტურში ისვენებდა, მომდევნო ტურში კი გაუ-ს დაუპირისპირდება.
GBF.GE